ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესები შეცვალა — ჯანეზაშვილი

9 დეკემბერი, 2020 • 948
იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესები შეცვალა — ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესების მიღებისას მისი მოთხოვნები გაითვალისწინა.

ჯანეზაშვილის განმარტებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დრო გაიზარდა და გასაუბრების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება.  მისივე თქმით, საბჭოს წევრები  ვეღარ გააკონტროლებენ იმ კითხვების შინაარსს, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა დაუსვან.

“რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ გვრიტიშვილმა, რომელიც თავად არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დაწერა დადგენილების პროექტი გასაუბრების წესის შესახებ. ჩემი მხილების გამო მათ უკან დახევა მოუწიათ! გარდა ამისა, გვრიტიშვილი დღევანდელ სხდომასაც არ ესწრებოდა (მე კი ძალიან მაინტერესებდა მისი არგუმენტები). მოკლედ გაგაცნობთ საბჭოს დღევანდელი სხდომის შედეგებს:

1. უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პირდაპირი ტრანსლაციის საშუალება იქნება (როგორც ეს იყო ადრე, სხდომის გარეთ მონიტორის მეშვეობით), იმედია, ტექნიკურად გამართულად.
2. გასაუბრების დრო საბჭოს ერთი წევრისთვის 1 საათამდე გაიზარდა, აქამდე კი გვრიტიშვილის პროექტში იყო 30 წუთი.
3. საბჭოს წევრის კითხვების შინაარსს ვეღარ და აღარ გააკონტრილებენ სხვა წევრები. აქამდე გვრიტიშვილის პროექტი გვთავაზობდა რადიკალურად სხვა რამეს.
ასევე ჩემი მოთხოვნა იყო და გასაკვირად გაითვალისწინეს, რომ გასაუბრება პანდემიიდან გამონდინარე უზენაეს სასამართლოში ჩატარებულიყო”, — წერს ჯანეზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გასაუბრება ხვალ, 10 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში ჩატარდება. მისივე თქმით, სულ  50 კანდიდატი და  მოსამართლის 9 ვაკანსიაა და გასაუბრებაზე დღეში 2 კანდიდატი იქნება.

მანამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურდა, რომ  უზეანესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დროში ლიმიტირებული ყოფილიყო.

საბჭოს მომზადებული ჰქონდა შესამისი დადგენილების პროექტიც, რომლის მიხედვითაც, კანდიდატებსა და საბჭოს წევრებს შორის განსაზღვრული კითხვა-პასუხი მაქსიმუმ 45 წუთს შეიძლება გაგრძელებულიყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნაზი ჯანეზაშვილი. ის აცხადებდა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობას.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებდა, რომ მედიას ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას ჰქონოდა.

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ დოკუმენტის ავტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი იყო, ან ეს მის კომპიუტერში მომზადდა, რაც მისი აზრით, პრობლემას წარმოადგენდა.

დადგენილების პროექტის დოკუმენტში, რომელიც იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მართლაც გვხდებოდა გვრიტიშვილის გვარი – კერძოდ, დოკუმენტის ტექნიკურ პარამეტრში დიმიტრი გვრიტიშვილის სახელი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ დოკუმენტი შეიქმნა კომპიუტერში, რომელიც ან დიმიტრი გვრიტიშვილს ეკუთვნის, ან მისი, როგორც მომხმარებლის, მონაცემებია შეყვანილი.

მოამზადა თუ არა გვრიტიშვილმა მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წესები და რატომაა ეს პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი