ახალი ამბები

კობახიძე ღია რეპრესიებით ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას – დეკანოიძე

9 დეკემბერი, 2020 • 1127
კობახიძე ღია რეპრესიებით ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას – დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები ოპოზიციის დაშანტაჟების მცდელობაა.

კობახიძემ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე განცხადება გააკეთა: მან თქვა, რომ იმ პარტიებს, ვინც პარლამენტში არ შევა დაფინანსება შეუწყდება და დააანონსა კანონი, რომელმაც შესაძლოა ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

„ეს არის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ამ დროს ღია რეპრესიებით ემუქრება კობახიძე – რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს – ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიას, რომელმაც ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი 700 ათასი ხმა აიღო.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილის აზრი უბრალოდ არ აინტერესებს. და მეტიც – ამით ჩანს მათი განწყობა, რომ იმედი აქვთ, ვიღაც შევა პარლამენტში“,- ამბობს დეკანოიძე ნეტგაზეთთან.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 8 წელია მსგავს რეპრესიებშია და „შანტაჟის ენით ლაპარაკი არ ჭრის“. დეკანოიძე ასევე დასძენს, რომ შანტაჟის მცდელობაა ასევე კობახიძის განცხადება დაფინანსების მოხსნის შესახებ.

„მე ამას განვიხილავ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად და მცდელობად, მძიმე დიქტატურის გზაზე გადავიდეს ივანიშვილი“ ,- დასძენს ის.

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ამბობს, რომ უმრავლესობა აპირებს იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს, რომელიც რიგ პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს.

კობახიძე ქვეყანაში „პოლარიზაციის მთავარ წყაროდ“ მიხეილ სააკაშვილს ასახელებს და ამბობს, რომ ის ერთდროულად არღვევს ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს:

„ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა ამისათვის უკრაინულ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.

საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“ ,– განმარტავს კობახიძე.

დღევანდელი საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაცია) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამავე კანონის 79-ე მუხლი ამბობს, რომ ამ ნორმის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი