ახალი ამბები

ოპოზიციის და ხელისუფლების “პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს”

7 დეკემბერი, 2020 • 1130
ოპოზიციის და ხელისუფლების “პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს”

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, დიალოგი გაგრძელდება და მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ, 8 დეკემბერს გაიმართება.

“იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადოებას”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძის თქმით, ვერ იტყვის, რომ “ჰორიზონტზე კომპრომისი გამოჩნდა”.

“ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი, სამწუხაროდ, არ ჩანს”, – აღნიშნა ვაშაძემ, თუმცა დასძინა, რომ მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს.

“ვერ ვისაუბრებთ მოლაპარაკების შინაარსზე. დღეს იყო სასარგებლო შეხვედრა, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავევები რჩება”, – განაცხადა, თავის მხრივ, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

“გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინა “ქართულმა ოცნებამაც”.

შეთანხმებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

“ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმების გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება. განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ და ეს არ შეიცვლება — განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხილავს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

მესამე რაუნდს წინ უძღოდა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები. პარასკევს, 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი