ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” არის გიგა ბოკერიას მძევლობაში — იოსელიანი

9 დეკემბერი, 2020 • 809
“ნაციონალური მოძრაობა” არის გიგა ბოკერიას მძევლობაში — იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მძევლობაშია. ამის შესახებ იოსელიანმა “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

როგორც იოსელიანი ამბობს, “ევროპულ საქართველოს” სურს მოლაპარაკებების პროცესის დაზიანება, რადგან პარტიის ლიდერებმა საპარლამენტო მანდატების მოპოვება ვერ შეძლეს.

“იმიტომ, რომ ვიღაცამ მანდატები ვერ მოიპოვა და ყველაფრის არევა უნდა, მათ პოლიტიკურ ვიწრო ინტერესს ჩვენ ამას არ გადავაყოლებთ. გავაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა და გვჯერა, რომ ეს ქვეყნისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. არ გვჯერა რევოლუციის, არ გვჯერა, რომ ხელისუფლების ცვლა უნდა მოხდეს ისე, როგორც ხდებოდა აქამდე. უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლის პროცესი”, — ამბობს იოსელიანი.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” წნეხის შესახებ ხმა სხვა პარტიებმაც უნდა ამოიღონ.

“ევროპული საქართველოს” მიმართ პრეტენზიები გაჩნდა იმიტომ, რომ მათი ამოცანაა პროცესი ჩაშალონ. ყველა დოკუმენტი, რაზეც იქ მიდის საუბარი, თქვენს ტელევიზიაში რომ ხვდება, ყველამ ვიცით, საიდან ხვდება. მაგით არიან დაკავებულები. რასაც იქ მოიტანენ ან მივიტანთ, მეორე წუთში მედიისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ გაახმაურებენ დეტალებს, მაგრამ საპირისპიროს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ. არ უნდათ ამ პროცესიდან შედეგის გამოსვლა. სხვა პარტიებმაც იციან ამის შესახებ, ეყოთ გამბედაობა და ამოიღონ ხმა. სხვანაირად ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ეს ერთი პარტია და ეს ორი ადამიანი მძევლად აიყვანს მთელ ოპოზიციას და აქითკენ მიდის ყველაფერი

“ნაციონალური მოძრაობა” არის გიგა ბოკერიას მძევლობაში. ამას მე კი არ ვამბობ, ამას თავად ამბობენ იმ პარტიაში, ვისაც აზრი მოეკითხება და იმ პარტიაში ბევრი ნათელი თავია, ვინც იცის, რა ხდება და გამოსავლის პოვნა უნდა, ოღონდ გამბედაობა არ ჰყოფნით და საშუალება არ აქვთ, ილაპარაკონ. მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” თავი დავანებოთ, ამოიღონ სხვა პარტიებმა ხმა. ყველას უნდა აქედან შედეგი გამოვიდეს და ამათ არ უნდათ. ეს ელჩებმაც კარგად იციან”, — განაცხადა იოსელიანმა.

მანამდე “ევროპული საქართველო” მოლაპარაკებების ჩაშლაში “მოქალაქეების” კიდევ ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დაადანაშაულა. მისი თქმით, “ევროპული საქართველო” საბოტაჟის მოწყობას ცდილობს.

“ევროპულ საქართველოში” კი ამბობენ, რომ  ალეკო ელისაშვილი მათ პარტიაზე თავდასხმით პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.

ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში შევა, თუ ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. აღნიშნული პირობით პარლამენტში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის, მათ შორის, “ევროპული საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის (რომელსაც ყველაზე მეტი ოპოზიციური მანდატი აქვს), ასევე, “ლეიბორისტული პარტიისა” და გირჩისთვის.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, თავიდანვე აცხადებნენ, რომ არ აღიარებდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუ არ დაინიშნებოდა ხელახალი რიგგარეშე არჩევნები. ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები იმართება, რომლის დეტალები საჯარო არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი