ახალი ამბები

“ევსაქებს” მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, საბოტაჟით არიან დაკავებულები — ელისაშვილი

9 დეკემბერი, 2020 • 1046
“ევსაქებს” მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, საბოტაჟით არიან დაკავებულები — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ევროპულ საქართველოს” უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, “ევროპული საქართველოს” მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა და ყველაფერის არევა სურთ. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

“მოლაპარაკებებს რაც შეეხება, იმ დროს, როცა ჩვენ გვაქვს ელჩების ხათრით… ელჩები რას გვეუბნებიან, რომ მოდით, პროცესს ნუ  დააზიანებთ, გარეთ თუ გავა, რასაც აქ ვლაპარაკობთ, მერე პროცესი დაზიანდება, მოლაპარაკებების შეთანმხებამდე ვერ მივალთ. ეს ძალიან მარტივია, იქ რაღაც თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან.

ბოკერიას პარტია [“ევროპული საქართველო”] დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი, რა ეგონა, იქ რას იზამდა, რას მიაღწევდა. უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში შევა, თუ ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. აღნიშნული პირობით პარლამენტში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის, მათ შორის, “ევროპული საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის (რომელსაც ყველაზე მეტი ოპოზიციური მანდატი აქვს), ასევე, “ლეიბორისტული პარტიისა” და გირჩისთვის.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, თავიდანვე აცხადებნენ, რომ არ აღიარებდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუ არ დაინიშნებოდა ხელახალი რიგგარეშე არჩევნები. ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები იმართება, რომლის დეტალები საჯარო არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

თუ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, პარლამენტში შევალ — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი