ახალი ამბები

როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს — კაპანაძე

9 დეკემბერი, 2020 • 936
როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს  — კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს მათ პარტიაზე თავდასხმით.

აღნიშნული განცხადება კაპანაძემ ელისაშვილის იმ ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლითაც ის “ევროპულ საქართველოს” ადანაშაულებს უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში.

კაპანაძის თქმით, თუ ელისაშვილს პარლამენტში შესვლა სურს, ეს უნდა თქვას.

“ბრალდებები, რომ ვითომ ჩვენ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ, მსგავსი უბრალოდ არ ყოფილა არასოდეს და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით, ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს და ახლა ამ საბაბად კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა. რაც მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა, რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას”, — განაცხადა კაპანაძემ.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ევროპულ საქართველოს” უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, “ევროპული საქართველოს” მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა და ყველაფერის არევა სურთ. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

თუ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, პარლამენტში შევალ — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი