ახალი ამბები

“თუ გარეთ წვიმს, სახლშიც წვიმს” – გლდანში დევნილები დახმარებას ითხოვენ

8 დეკემბერი, 2020 • 1287
“თუ გარეთ წვიმს, სახლშიც წვიმს” – გლდანში დევნილები დახმარებას ითხოვენ

„თუ გარეთ წვიმს, სახლშიც წვიმს“ – ასე აღწერს აფხაზეთიდან დევნილი მადონა შამუგია თავის საცხოვრებელ პრიობებს. ის ამჟამად თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ-ში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. შენობის სახურავი დაზიანებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ბინებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

მერიის ცნობით, ყოფილ რადიოქარხანას შპს „ერთობა“ 2007 წლიდან ფლობს. ამ შენობის პირველ ორ სართულზე საოფისე ფართებია მოწყობილი, ხოლო მე-3 და მე-4 სართულებზე დევნილთა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მადონა შამუგია ამბობს, რომ გლდანის რაიონის გამგეობაში, სამინისტროსა და პარლამენტშიც კი, არაერთი წერილი შეიტანა სხვადასხვა დროს, თუმცა დახმარება არავისგან არ ჩანს.

„კორონავირუსის პანდემია რაც დაიწყო, დაახლოებით ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემთან წყლის ჩამოსვლა. ამ დროს შეუძლებელი იყო ვინმესთვის მიგვემართა და რაღაც გაგვეკეთებინა. თუმცა ჩვენ გლდანის გამგეობაში მაინც შევიტანეთ წერილი, მანამდე დევნილთა სამინისტროსაც მივმართე… ხვალ შეგვაქვს კიდევ ერთი განაცხადი დევნილთა სამინისტროში, თუმცა აზრი არ აქვს არსად შეტანას. რასაც ჰქვია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უპატრონოები ვართ“, – უთხრა მან ნეტგაზეთს

ქალი ამბობს, რომ მისი ბინა სულ 33 კვ.მ-ია, სადაც ორ სტუდენტ შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. მართალია, სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების პროგრამაში დიდი ხანია, რაც რიგში დგას, მისი სცხოვრებელი პირობების შესამოწმებლად ჯერ სპეციალური კომისია არ მოსულა და, შესაბამისად, არც ბინა მიუღია. ის ასევე დასძენს, რომ გარდა რთული საცხოვრებელი მდგომარეობისა, მას სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს.

„მეტიც, შიგნით წყალი არ გვაქვს. რამდენიმე წელია, რაც ვიბრძვით და ვერაფერი გავაკეთეთ. კერძო მეპატრონესაც ვესაუბრე, თუმცა მისი ინტერესი ჩვენი აქ ყოფნა არაა. საერთო ტუალეტი და საერთო აბაზანა წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნეში? მით უმეტეს, პანდემიის დროს?!“, – ამბობს მადონა შამუგია. დევნილთა ამ საერთო საცხოვრებელში თითო სართულზე ორი საერთო მოხმარების აბაზანა-ტუალეტია, რომელსაც 30-მდე ოჯახი იყენებს.

როგორც მადონა შამუგია ამბობს, მათ საცხოვრებელ კორპუსში წლების განმავლობაში თავმოყრილი საყოფაცხოვრებო პრობლემები კიდევ უფრო აუტანელი გახადა სახურავმა, რომელიც წლებია ზიანდება და არავის შეუკეთებია.

„ჩემი მეუღლე იყო ასული რამდენიმე დღის წინ, კატასტროფული სიტუაციაა“, – ამბობს ის.

დაზიანებული სახურავის გამო წყალი ჩადის შენობის მეოთხე სართულზე მცხოვრები თითქმის ყველა დევნილის ოჯახში, რომელთა ნაწილი ასევე სოციალურად დაუცველია. უკვე რამდენიმე თვეა, წვიმიან ამინდში ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ პირადი ნივთებისა და ავეჯის გადარჩენას, ძლიერი წვიმის შემთხვევაში კი ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია

ნეტგაზეთს თბილისის მერიამ გლდანის გამგეობის პასუხზე დარყდნობით შეატყობინა, რომ ამ და მსგავს შემთხვევებში უწყებას არაფრის გაკეთება შეუძლია. გამგეობა განმარტავს, რომ რაკი შენობა კერძო საკუთრებაა, გამგეობას უფლება არ აქვს, რაიმე თვითნებურად განახორციელოს. რადიოქარხნის ყოფილი ტერიტორიას კი შპს „ერთობა“ 2007 წლიდან ფლობს.

როცა აღნიშნული ტერიტორია გაიყიდა, დევნილები იქ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში, 2000-იანი წლების დასწყისიდან ცხოვრობდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – აქ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილებზე პასუხს უახლოეს მომავალში დაგვპირდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი