ახალი ამბები

ოქრუაშვილის ინფორმაციით, 7-მდე დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას აპირებს

8 დეკემბერი, 2020 • 1722
ოქრუაშვილის ინფორმაციით, 7-მდე დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას აპირებს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრიაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას აპირებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა პოსტი გამოქვეყნა და რამდენიმე ოპოზიციონერის მიმართ თქვა: “თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ”.

კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე.

თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ…

Posted by ირაკლი ოქრუაშვილი on Monday, 7 December 2020

 

როგორც ოქრუაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, პოსტი დაწერა გარკვეულ გზავნილებზე და შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, რამდენიმე დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას გეგმავს. მისი თქმით, საუბარია 6-7 ადამიანზე სხვადასხვა პარტიიდან. ოქრუაშვილი მათ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ “მათივე ბაგეებიდან” უნდა გაიგოს ხალხმა.

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. თუმცა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, რამდენიმე კვირაა, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს უნდა გაიმართოს. 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა. მმართველი პარტია ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მათთვის წითელი ხაზია, ვინაიდან ასეთი პატიმრები არ არსებობენ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ თქვა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა მას “გუწლრფელად არ სჯერა”, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვინც არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვა, პარლამენტში შევა.

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ე.ი. 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამასთან, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. მაშასადამე, “ქართული ოცნების” დეპუტატები პირველ სხდომაზე ცნობენ ოპოზიციონერი კოლეგების უფლებამოსილებასაც, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შემდეგ ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე შეუძლიათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” 90 მანდატი მოიპოვა — 60 პროპორციული სიით და 30 მაჟორიტარული. 36 მანდატი ეკუთვნის ენმ-ს, 5 — “ევროპულ საქართველოს”, 4 — “პატრიოტთა ალიანსს”, 4 — “გირჩს”, 4 — “ლელოს”, 4 — გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელს”, 2 — ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებს” და 1 — “ლეიბორისტულ პარტიას”.

ვხედავთ, რომ ზეწოლაა, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის – უგულავა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი