ახალი ამბები

ვხედავთ, რომ ზეწოლაა, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის – უგულავა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

8 დეკემბერი, 2020 • 910
ვხედავთ, რომ ზეწოლაა, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის – უგულავა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა მას “გუწლრფელად არ სჯერა”, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვინც არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვა, პარლამენტში შევა. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უშვებს თუ არა უგულავა შესაძლებლობას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი პარლამენტში შევა, მან განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას უშვებს, რადგან “ადამიანები ვართ”.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის შესახებ საუბრობდა, თუმცა განაცხადა, რომ ზეწოლა მიმდინარეობს და “ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის”:

“ვხედავთ, რომ ზეწოლაა, ექაჩებიან იქიდან და აქედან, რაღაც მამაძაღლობებს ვხედავთ… რატომ დავფარო, არ დავფარავ იმიტომ, რომ ეგრეა – ასე ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის, გამოდით და თქვით, რომ მე მინდა შევიდე და შედით… ოღონდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა შენ თვითონვე აიღე იმაზე, რომ მომდევნო ოთხ წელიწადი ქუჩაში გამვლელი ადამიანი თვალებში შეგხედავს და შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და “კი ბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტშიო”. შედი, თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვა არის ეს ქვეყანა და პირადი, “აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპურები ვაცხო?!” მაშინ შედი. უბრალოდ მაშინ არც შენი ხაჭაპური და არც შენი პოლიტიკა არავის აღარ მოუნდება. ერთი თვე ადამიანებს ეუბნები, რომ [არჩევნები] გაყალბდაო და როგორ შეიძლება ასეთ დროს ყანყალი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უგულავას თქმით, მას ბოლომდე არ სჯერა, რომ ვინმე ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს:

“მე ბოლომდე არ მჯერა მართლა, გულწრფელად არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ვურთიერთობ, იმას თავში რომ ეს მოუვიდეს, არ მჯერა. 60 ადამიანიდან ყველას არ ვიცნობ, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე ვამბობ”, – განმარტა უგულავამ.

რამდენიმე კვირაა, რაც “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები იმართება. შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა გუშინ, 7 დეკემბერსაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მესამე რაუნდს წინ უძღოდა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები. პარასკევს, 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი