ახალი ამბები

საქართველოს ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციის გასაღებია – კუბილიუსი

7 დეკემბერი, 2020 • 933
საქართველოს ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციის გასაღებია – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციის გასაღებია. მისივე თქმით, ეროვნული კონსენსუსი შეიძლება მოიცავდეს ისეთ მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, ეს კი შესაძლებელი იქნება პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობით. ამის შესახებ განცხადება კუბილიუსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კუბილიუსმა ასევე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. ასევე, კუბილიუსი წერს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს საქართველოს მომავალზე.

“ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო აჩვენებს, რომ მკაფიო ამბიცია გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. საქართველოს წარმატება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, რუსეთსა და, შესაბამისად, მთელ მსოფლიოზე”, – წერს კუბილიუსი.

სტატიაში ის ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოსთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ამბიციების საკითხში, ასევე “საგარეო გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელადაც, რომელიც ძირითადად რუსეთიდან მოდის”.

“ამ კონტექსტში საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ პარტიას, უნდა შეთანხმდეს, რათა მიაღწიონ ეროვნულ კონსენსუსს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან – დაკავშირებით, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სრულად ფუნქციური პარლამენტის მიერ. ამ შეთანხმებამ შესაძლოა ითამაშოს გარდამტეხი როლი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიის ფორმირების საქმეში, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სამოქმედო გეგმას, რომელიც ეხება საარჩევნო და სახელმწიფოს მმართველობის რეფორმას. ამ სულისკვეთებით კი საქართველოს ამბიცია, რომ 2024 წლისთვის წამოაყენოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადი, პოზიტიური ნაბიჯია, რაც მოითხოვს ერთიან ეროვნულ პოლიტიკურ სურვილს”, – წერს კუბილიუსი.

რამდენიმე კვირაა, რაც “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები იმართება. შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

მესამე რაუნდს წინ უძღოდა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები. პარასკევს, 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა დღესაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი