ახალი ამბები

ნათელაშვილი: მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი გამოცხადდეს

7 დეკემბერი, 2020 • 740
ნათელაშვილი: მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი გამოცხადდეს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე დიალოგში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩართვას ითხოვს.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ეს წინადადება ელჩების წინაშე დღევანდელ შეხვედრაზე დააყენა.

“ვინაიდან ამ ქვეყანაში, ბედისწერით და საუბედუროდ, ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი — ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და არა მისი პარტია, არა ოპოზიცია ან თუნდაც ელჩები, მე მოვითხოვე, მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოცხადდეს და პირადად გაგვცეს პასუხი იმ პრობლემებზე, რომელიც არის. ვთხოვე ელჩებს შუამავლობა ამის თაობაზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, დიალოგი გაგრძელდება და მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ, 8 დეკემბერს გაიმართება.

ოპოზიციის და ხელისუფლების “პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს”

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

მესამე რაუნდს წინ უძღოდა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები. პარასკევს, 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი