ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ცნობით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის 14 300-ზე განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ცნობით, აღნიშნული განაცხადები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა და კომპენსაციების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი 3 სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურუცხავს იმ პირებს, ვინც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით, იმ ობიექტებში დასაქმებული ადამიანები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა საქმიანობაც დეკემბერსა და იანვარში შეჩერდა, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული დახმარება ეკუთვნით ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა ბიზნესზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ. ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ვერ მიიღებენ დახამრებას, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. აღნიშნული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად.
ასევე, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებულები, ვინც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განოხორციელების უფლება.
300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებას შეძლებენ დაქირავებული პირებიც, ვინც 27 ნოემბრის ჩათვლით იმ დამქირავებლის სასარგებლოდ ეწეოდნენ საქმიანობას, ვისაც 28 ნოემბრიდან საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდათ. ამასთან, დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ შეზღუდვების შემდეგ დაქირავებული პირები დამქირავებლისგან ხელფასს არ იღებდნენ, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწვყვეტის ან შეჩერების გამო.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 300- ლარიანი დახმარების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა საერალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.