ახალი ამბები

დამტკიცდა სტანდარტები, რომლებიც ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებს მოიცავს

7 დეკემბერი, 2020 • 1313
დამტკიცდა სტანდარტები, რომლებიც ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებს მოიცავს

ვერც ერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე. შესაბამისი დადგენილება – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” – პარლამენტმა 4 დეკემბერს დაამტკიცა. გამონაკლისი მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია.

“ღია საზოგადოება – საქართველოს” შეფასებით, რომელიც ადვოკატირებდა სტანდარტების შემუშავების პროცესს, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღწევა,რომელიც თანაბრად აისახება ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირზე.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგლამენტში გათვალისწინებულია ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ფონდის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს რეალობას მოერგო საერთაშორისო სტანდარტი “მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და მოწყობილობები” , რომელიც მოიცავს საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობების, სარეკრეაციო სივრცეების, ქუჩებისა და დამხმარე საშუალებების უნივერსალური მოხმარების კონცეფციას და ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების მრავალფეროვან საჭიროებებს.

“რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

დოკუმენტი ერთი წლის მანძილზე მუშავდებოდა და ამ პერიოდში ფონდმა ათეულობით შეხვედრა ჩაატარა შშმ პირებთან, მათი საჭიროებების მოსასმენად.

“სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი,  თბილისის მერიის წარმომადგენელი გიგა სოფრომაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შშმ პირები და ორგანიზაციები, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების და მისაწვდომი სტანდარტების ექსპერტები და გაეროს განვითარების ფონდის თანამშრომლები”, – დასძენს ფონდი.

დადგენილება ძალაში პირველი მარტივად შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი