ახალი ამბები

7 მილიონი ლარი რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის აღსადგენად – ტენდერი

6 დეკემბერი, 2020 • 3620
7 მილიონი ლარი რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის აღსადგენად – ტენდერი

რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს შორის საბაგირო გზის აღსადგენად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

უწყების გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად,ამ პროექტისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 374 362 ლარია.

საუბარია საბაგირო გზაზე, რომელიც წლების წინ რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს აკავშირებდა. ახლა ამ საბაგიროს ქვედა (რუსთაველის) სადგური, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის უკანა ეზოში დგას, ჩაკეტილია. საბაგირო გზა, უკვე 30 წელია, რაც აღარ ფუნქციონირებს.

მართალია 2012 წლიდან მის აღსადგენად რამდენჯერმე ხელშეკრულება გაფორმდა და თან ოფიციალური განცხადებების მოჰყვა, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ბოლოს საბაგიროს აღდგენასა და ტენდერის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 30 სექტემბერს ისაუბრა და შესაბამის სამსახურს, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა დაავალა. 

ტენდერის თანახმად, კომპანიებს დოკუმენტაციების შეტანა 2021 წლის 13 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ, ხოლო სამუშაოების დასრულებისთვის, მათ ვადა – ხელშეკრულების დადებიდან 15 თვე ეძლევათ.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელია სამი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ:

1) ქვედა სადგურის (რუსთაველის გამზირი 50) რეკონსტრუქცია;
2) ახალი ზედა სადგურის (პლატო მთაწმინდა) მოწყობა;
3) ახალი ანძების (5 ცალი) ფუნდამენტების მოწყობა.

ტენდერს თან ახლავს რენდერები (იგივე ფოტომონტაჟები), რომლითაც გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობის დაწყების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, მეზობლად არსებული საცხოვრებელი სახლების სადემონტაჟო სამუშაოები გაგრძელდება.

მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური. 2018 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

რაც შეეხება ზედა სართულს, რენდერების მიხედვით, ის რესტორან „ფუნიკულიორთან“ ახლოს აშენდება და ასეთი სახე ექნება:

 

საბაგირო გზა, რომელიც რუსთაველის გამზირსა და მთამწინდის პარკს აკავშირებდა, თბილისში პირველად 1959 წლის 1 მაისს ამუშავდა და 1990 წლის 1 ივნისამდე ფუნქციონირებდა. საბაგირო გზის საწევი ბაგირი სწორედ ამ დღეს გაწყდა და ორი გონდოლა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა, პარალელურად დაგორდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ერთ-ერთი მათგანი ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, მეორე კი შუაზე გაიჭრა. ტრაგედიის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

მთაწმინდის საბაგიროზე ვრცლად წაიკითხეთ:

როდის ექნება თბილისს ახალი საბაგირო გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი