ახალი ამბები

მთაწმინდის საბაგირო პროექტის განხორციელებაზე ტენდერი ცხადდება – კალაძე

30 სექტემბერი, 2020 • 1456
მთაწმინდის საბაგირო პროექტის განხორციელებაზე ტენდერი ცხადდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც რუსთაველზე, მეცნიერთა აკადემიის შენობიდან მთაწმინდის პარკში 1-კილომეტრიანი საბაგირო გზა გაკეთდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე შეჩერდა. კალაძის განმარტებით, პროექტის ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებულია, “ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და, შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება”.

“ჩვენ პროექტი უკვე მზად გვაქვს და ვიწყებთ ტენდერის გამოცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შევარჩიოთ მშენებელი კომპანია,  ვინც უშუალოდ პროექტს განახორციელებს. დაახლოებით წელიწადნახევარი, ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საბაგირო ინფრასტრუქტურა იქნება წრიული ტიპის, 21- გონდოლიანი. მისი საშუალებით 1- კილომეტრიანი გზის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი და საბაგირო ერთი საათის განმავლობაში დაალოებით 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. კალაძის განმარტებით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება.

როდის ექნება თბილისს ახალი საბაგირო გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი