ახალი ამბებისაზოგადოება

დასაქმებულთა ნაწილი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღმა

7 დეკემბერი, 2020 • 2265
დასაქმებულთა ნაწილი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღმა

მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, თვითდასაქმებულთა ნაწილი, ვინც მუშაობდა ისეთ ობიექტზე, რომლის საქმიანობაც 28 ნოემბრიდან მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

კომპენსაციას ვერ მიიღებენ პირები, ვინც მუშაობდნენ ისეთ ობიექტებზე, რომლის საქმიანობაც 2 თვის განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებით არ არის შეჩერებული. ასევე დახმარებას ვერ მიიღებენ ისინიც, ვისაც შემოსავალი ჰქონდა, თუმცა მათი დამსაქმებელი არ იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად და კონკრეტული დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, მაგალითად, ძიძები, ოჯახის დამხმარეები და სხვა მსგავსი პროფესიების წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული ადამიანების 51.4% თვითდასაქმებული იყო. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით კი, 300-ლარიანი ერთჯერად კომპენსაციის მიმღებთა სავარაუდო რაოდენობა ამ ეტაპზე შეადგენს 100 000-ს, რისთვისაც გამოყოფილია 30 მილიონი ლარი, მაშინ, როდესაც დახმარებების პირველ ეტაპზე 300- ლარიანი კომპენსაციებისთვის 2.5-ჯერ მეტი თანხა იყო გამოყოფილი, დახმარება კი, საერთო ჯამში, 250 ათასმა ადამიანმა მიიღო.

კომპენსაციის გარეშე?

დასაქმებულთა იმ კატეგორიაში, ვისაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე დახმარების მიღება გაუჭირდება, მოხვდა ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 46 წლის მიმტანი, ლაურა შაკაიაც. როგორც შაკაიამ “ნეტგაზეთს” განუმარტა, შეზღუდვების დაწესებამდე მუდმივად ერთ რესტორანში მუშაობდა, თუმცა სხვა რესტორნებშიც უწევდა ხოლმე გამოძახებით მისვლა, მის დამსაქმებლებს კი სამსახურში ოფიციალურად არ ჰყავდათ რეგისტრირებული.

შაკაიას თქმით, ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს უწევდა სამუშაოდ წასვლა და თვიური შემოსავალი ძირითადად მერყეობდა 500-დან 700 ლარს შორის. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს სახლებსაც ალაგებდა, რაც მისი შემოსავლის დამატებითი წყარო იყო. თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად მსგავსი გამოძახებების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, 28 ნოემბრიდან კი, რესტორენების ჩაკეტვის შემდეგ, სულ მცირე ორი თვით დარჩა საერთოდ შემოსავლის გარეშე.

“იმ რესტორნებში, სადაც ვმუშაობდი, ვიკითხე და მითხრეს, რომ ვერაფერ საბუთს ვერ მომცემდნენ, რადგან მე არ ვარ გაფორმებული არსად და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულადაც არ ვითვლები. ახლა რომ რაიმე მოვითხოვო, ჩემს დამსაქმებელებს შეექმნებათ პრობლემები და არ მინდა, ასე რომ მოხდეს, ამიტომ მირჩევნია, საერთოდ არ ავიღო არაფერი, მათ შორის ერთჯერადი 300 ლარიც, რადგან ეს ამბები რომ ჩაივლის და შეზღუდვები მოიხსნება, კვლავ შევძლო მუშაობის გაგრძელება. დავიარე, სხვა სამსახურებიც ვეძებე, მაგრამ ამ ეტაპზე ყველგან ისეთი მდგომარეობაა, სამსახური არსად არ არის, თავის თანამშრომლები გაუშვეს და ახალს ახლა ვინ აიყვანს?!”, – განმარტა შაკაიამ.

შაკაია “ნეტგაზეთს” უყვება, რომ სამსულიან ოჯახში მხოლოდ მას ჰქონდა მუშაობის შესაძლებლობა, რადგან მისი 27 წლის შვილი მარტო ვერ ტოვებს პენსიონერ ბებიას მძიმე დაავადების გამო. ამასთან, გარდა ყოველდღიური ხარჯებისა, დედის მოსავლელად საჭირო ნივთების შეძენაც უწევს, რის გამოც დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს.

“ჩემი შვილი დედაჩემს ავადმყოფობის გამო მარტო ვერ ტოვებს და მხოლოდ მე ვახერხებდი სამუშაოდ გასვლას. ჩემი გოგო დედაჩემს უვლიდა. იმდენს [ფულს] ვაკეთებდი, რომ არ გვიჭირდა, თავს ვირჩენდით. დედას კი აქვს პენსია, მაგრამ მის ჰიგიენურ საშუალებებზეც არ ჰყოფნის. ჩემი შემოსავალიც საკვებში, დედაჩემის წამლებში და ჰიგიენურ საშუალებებში მიდიოდა სრულად. ამ ორი თვის განმავლობაში რას ვიზამ, არ ვიცი. კომუნალურების კუთხით ისე ვიზამ, რომ ჩავეტიო, რაც არის განსაზღვრული, რომ არ გადავიხადო, მაგრამ სხვა მხრივ არ ვიცი… რაც უმუშევარი დავრჩი, საკვების ფული არ გვაქვს და მეზობლები გვაწვდიან ხოლმე საჭმელს და სასმელს”, – ყვება შაკაია.

ახალი შეზღუდვების ფონზე უმუშევრად დარჩა თბილისში მცხოვრები 54 წლის ძიძა, ნანა სალაძეც, რომელიც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმოსვლა აიკრძალა, სამსახურში გასვლას ვეღარ ახერხებს.

“წლებია რაც ძიძად ვმუშაობ, მაგრამ ამ შეზღუდვების ფონზე მეც უმუშევრად დავრჩი. პირველი ჩაკეტვისას [ლოქდაუნი] 3 თვემდე ვიყავი სამსახურის გარეშე, ასე იყო ბევრი ჩემი კოლეგა, მათ ნაწილს კი კარანტინის შემდეგ სამსახურში გასვლის შესაძლებლობა არ მიეცა. მე კი შევძელი და გავედი ზაფხულში ისევ, მაგრამ ახლა ტრანსპორტის გაჩერების გამო მომიწია ისევ სახლში დაჯდომა. მე არ მაქვს იმდენი შემოსავლი, რომ ტაქსით ვიარო სამსახურში”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ სალაძე თვითდასაქმებულად ითვლება, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებას ვერ შეძლებს, რადგან მისი დამსაქმებელი ოჯახია. შესაბამისად, ოჯახი არ არის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი, რომელიც გადასახადების გადამხდელად იყო რეგისტრირებული და არც მათი საქმიანობა შეწყვეტილა 28 ნოემბრიდან.

პანდემიის ფონზე სამსახურის გარეშე დარჩა ბესო ხურციძეც, თუმცა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე მოსახლეობის დახმარების პაკეტით სარგებლობა არც მას შეუძლია. ის ქუთაისის ერთ-ერთ საცხობში ყოველ მესამე დღეს მუშაობდა 24- საათიან ცვლაში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მისი სამსახური დაიკეტა.

ხურციძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ საცხობში ოფიციალურად არ იყო გაფორმებული და თანხასაც პირდაპირ ხელზე იღებდა, შესაბამისად, არც არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულად ითვლება, თუმცა, რომც ითვლებოდეს, კომპენსაციის აღებას მაინც ვერ შეძლებდა, რადგან ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპით 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება მხოლოდ მათ ეკუთვნით, ვინც დასაქმებული იყო ისეთ ობიექტზე, რომელმაც 28 ნოემბრიდან მთავრობის განკარგულებით შეაჩერა მუშაობა, საცხობები კი ამ სიაში არ შედის.

ხურციძის თქმით, მისი შემოსავალი ერთი ცვლის შედეგად საშუალოდ მერყეობდა 70-90 ლარის ფარგლებში , ანუ ყოველთვიურად საშუალოდ იღებდა 700-დან 900 ლარამდე ანაზღაურებას. თუმცა ბოლო პერიოდში საცხობის პროდუქციის რეალიზაციამ იკლო და ბიზნესის ხარჯი მოგებას აღემატებოდა, რის გამოც საცხობის მფლობელმა მუშაობა ერთი კვირის წინ გააჩერა.

ხურციძის თქმით, მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც მუშაობენ, თუმცა დედას ყოველთვიურად 300 ლარამდე შემოსავალი აქვს, მამა კი შეკვეთებზეა დამოკიდებული:

“ჩემს ოჯახში მხოლოდ მე მქონდა ისეთი სტაბილური შემოსავალი, რომლითაც ოჯახის რჩენა შეიძლებოდა. დედა ერთ-ერთ კვების ობიექტზე დამლაგებლად მუშაობს და დღეში 10-12 ლარს იღებს, რომლის ნახევარიც გზაში ეხარჯება. მამა ხელოსანია, ბინების რემონტზე მუშაობს და კერძო შეკვეთები როცა გამოუჩნდება, მაშინ უწევს მუშაობა, მაგრამ ეს ხან არის და ხან არ არის. როდის გამოუჩნდება სამუშაო, არასდროს იცის”, – განმარტა ხურციძემ.

მისი თქმით, საცხობში, სადაც მუშაობდა, მის მსგავსად 18 ადამიანი იყო დასაქმებული.

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია

მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით, იმ ობიექტებში დასაქმებული ადამიანები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა საქმიანობაც დეკემბერსა და იანვარში შეჩერდა, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული დახმარება ეკუთვნით ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა ბიზნესზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ. ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ვერ მიიღებენ დახამრებას, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. აღნიშნული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად.

ასევე, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებულები, ვინც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განოხორციელების უფლება.

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებას შეძლებენ დაქირავებული პირებიც, ვინც 27 ნოემბრის ჩათვლით იმ დამქირავებლის სასარგებლოდ ეწეოდნენ საქმიანობას, ვისაც 28 ნოემბრიდან საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდათ. ამასთან, დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ შეზღუდვების შემდეგ დაქირავებული პირები დამქირავებლისგან ხელფასს არ იღებდნენ, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწვყვეტის ან შეჩერების გამო.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 300- ლარიანი დახმარების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა საერალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი”, – განმარტებულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

პროფკავშირების პოზიცია და ღია წერილი მთავრობას

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპით განსაზღვრული კომპენსაციების განაწილებას პრობლემურად მიიჩნევს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, დახმარებების ახალი პაკეტით სახელმწიფო ხარჯების დაზოგვას ცდილობს, ამაზე კი მეტყველებს ის ფაქტი, რომ დახმარებების პირველ ეტაპზე 75 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ახლა კი ეს თანხა 2.5-ჯერ შემცირდა.

“ახლანდელი რეგულაციით გამოდის, რომ ისინი, ვინც მუშაობდნენ ფიზიკურ პირებთან, როგორც არიან ძიძები, ოჯახში დამხმარედ დასაქმებულები, დღიური მუშები, გარემოვაჭრეები, დახმარების მიღებას ვერ შეძლებენ. მათ ფიზიკურად არ აქვთ არავითარი საშუალება, რომ რაიმე ცნობა წარადგინონ რომელიმე იურიდიული პირისგან, შესაბამისად, 300-ლარიანი დახმარების გარეშე რჩებიან. შედეგობრივად თუ შევადარებთ, დახმარებების პირველ ეტაპზე საუბარი იყო 250 ათას თვითდასაქმებულზე. დღეის მდგოამრეობით საუბარია 100 ათასზე. ამხელა სხვაობა რიცხვებს შორის გაუგებარია. ასეთი მიდგომა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ სახელმწიფომ დაზოგოს ფინანსური ხარჯები”, – განმარტა ლიპარტელიანმა.

ამასთან, ლიპარტელიანის თქმით, დახმარების გარეშე დარჩნენ ის პირებიც, ვინც მუშაობდა ისეთ ობიექტზე, რომელთა მფლობელებიც ამ ადამიანების მუშაობის დეკლარირებას არ ახდენდნენ, ამჟამად კი ვეღარაფერს შეცვლიან, რადგან ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. არადეკლარირებულ თვითდასაქმებულებისთვის იმ შემთხვევაში გასცემენ კომპენსაციას, თუ მათ მონაცემებს სახელმწიფო უწყებას თვითონ დამსაქმებელი გადასცემს.

“პირველ ეტაპზე სახელმწიფომ დამსაქმებლების წასახალისებლად გააკეთა განცხადება, რომ თვალს დახუჭავდნენ არადეკლალირებული თანამშრომლების შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, მაგრამ ახლა არავის უთქვამს ასეთი რამე, ამიტომ გამოდის ისე, რომ კანონის მიხედვით ძალიან ცოტა ადამიანი შეძლებს 300-ლარიანი დახმარების მიღებას”, – განმარტა ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, პრობლემურია ის საკითხიც, რომ არ არსებობს არავითარი პასუხისმგებლობა იმ იურიდიული პირების მიმართ, ვინც ობიექტზე დასაქმებული პირების მონაცემებს შემოსავლების სამსახურს არ მიაწვდის იმისთვის, რომ ამ პერიოდში უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა კომპენსაციის მიღება შეძლონ:

“უსამართლოა ის, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები დარჩნენ დახმარების გარაშე მაშინ, როდესაც სწორედ ისინი არიან დასაქმებულების ყველაზე მოწყვალდი კატეგორია და მათი დახმარებების საკითხი მივანდოთ მხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციების, იურიდიული პირების მიერ გაცემულ ცნობებს, გაუმართლებელია. მაგალითად, წინა ეტაპზე ჩვენ [პროფკავშირები] თვითონ დავდიოდით ბაზრობებზე და დასაქმებულებს ვეხმარებოდით იმაში, რომ მოეხდინათ უშუალოდ აპლიკაციის შევსება და პორტალზე ატვირთვა. ახლა კანონმდებლობა ამის საშუალებასაც აღარ იძლევა. ეს მონაცემები იურიდულმა პირმა უნდა გააგზავნოს. წინა შემთხვევაში ყოველთვის პრობლემა იყო ეს საკითხი დაქირავებულ დასაქმებულთა შემთხვევაში და კომპანიები შემოსავლების სამსახურში არ აგზავნიდნენ ინფორმაციას და არც მაშინ და არც დღეის მდგომარეობით რაიმე ტიპის სანქცირების ფორმა, რომ თუ არ ასრულებს დამსაქმებელი ამ ვალდებულებას, არ არსებობს”, – განაცხადა ლიპარტელიანმა “ნეტგაზეთთან”.

ლიპარტელიანის განმარტებით, სახელმწიფომ ეს პრობლემა უნდა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება, კომპენსაციის მიღებას ვერ შეძლებენ.

აღნიშნული საკითხების მოგვარებისთვის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 4 დეკემბერს წერილით მიმართა. პეტრიაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ 300-ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი, მაგალითად, ბაზრობის ადმინისტრაცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, ან არ მუშაობს რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, ვერ მიიღებს დახმარებას.

“უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში. ისინი წარმოადგენენ დასაქმებულთა ყველაზე დაჩაგრულ ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ ბაზისური შრომითი უფლებებიც კი და ვერ სარგებლობენ შრომისა და სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტებით. ბუნებრივია, არცერთ ასეთ დასაქმებულს არ აქვს სურვილი იყოს არაფორმალურად დასაქმებული და მათი უმეტესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს. ამ ადამიანების ასეთი ყოფა განპირობებულია იმით, რომ მათ არ შეუძლიათ იშოვონ ფორმალური სამსახური და ამის გამო ეწევიან იმ არსებობისთვის აუცილებელ საქმიანობას, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევს შრომის ბაზარი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თვითდასაქმებულთა კომპენსაცია, დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციისგან განსხვავებით, არის ერთჯერადი და, საერთო ჯამში, 4-ჯერ ნაკლები ოდენობისაა. ეს არის ის მინიმალური თანხა, რომელიც ამ ადამიანებს სჭირდებათ არსებობისთვის და ამ თანხის მიღება არ გამოიწვევს მათ გამდიდრებას. ასეთი მინიმალური დახმარების მიღებაზე განცხადებას ავსებს ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა და ეს დასტურდება იმითაც, რომ ათასობით მოქალაქემ, რომელთაც არ ჰქონდათ ამის საჭიროება, უარი თქვა კომუნალური გადასახადების დაფინანსებასა და არასრულწლოვანთათვის გამოყოფილ თანხაზე”, – წერს პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილი წერილში გახარიას თხოვნით მიმართავს, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს არაფორმალურად დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათაც მიეცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციების მიღების საშუალება. გარდა ამისა, პეტრიაშვილი პრემიერს დამსაქმებლებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციების მხრიდან დასაქმებულთა თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის ადმინისტრირების გამკაცრებას სთხოვს.

“ნეტგაზეთი” შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა დასაქმებული კომპენსაციის მიღებას იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს ის [დასაქმებული] მანამდე არ ჰყავდა ოფიციალურად გაფორმებული როგორც თანამშრომელი, შესაბამისად, მის საშემოსავლო გადასახადს არ უხდიდა სახელმწიფოს, თუმცა თავად დამსაქმებელი იყო გადასახადების გადამხდელი სხვა მიმართულებით, როგორც ბიზნესი. და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა ამჟამად ასეთი თანამშრომლების დეკლრირებისვის. აღნიშნულ კითხვებზე შემოსავლების სამსახურიდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

 

ნახეთ სრულად ვის ეკუთვნის 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება და როგორ უნდა მიიღოს ის:

ვინ და როგორ შეძლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას

მასალების გადაბეჭდვის წესი