ახალი ამბები

ვრჩები გირჩის ლიდერად, დანარჩენს მომავალი აჩვენებს – ჯაფარიძე

4 დეკემბერი, 2020 • 1278
ვრჩები გირჩის ლიდერად, დანარჩენს მომავალი აჩვენებს – ჯაფარიძე

„გირჩი-ს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მას პარტია არ დაუტოვებია, თუმცა დანარჩენი დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს.

ზურა ჯაფარიძე დღეს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრების მორიგ რაუნდს ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„რაც დავწერე სტატუსში, იმის თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ ვაპირებ გარეთ გამოტანას არაფრის.

პარლამენტში შესვლა/არშესვლა საერთოდ საკითხი არ ყოფილა… პარტია არ დამიტოვებია. ვინ იქნება „გირჩში“, ამას გადაწყვეტენ მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული გირჩში. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად“, – ამბობს ჯაფარიძე ჟურნალისტებთან.

ჯაფარიძემ ასევე თქვა, რომ შიდა დისკუსიების დროს მას ჰქონდა წაყენებული პირობები, რომლითაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა – „მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავე ამ ადამიანებთან ურთიერთობა“.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე ხვიჩიამ დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე. ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ვრცლად წაიკითხეთ:

გირჩი: რა უძღოდა წინ პარტიის გაყოფას?

მასალების გადაბეჭდვის წესი