ახალი ამბები

რაქვიაშვილი ამბობს, რომ ის, ხვიჩია და მეგრელიშვილი პარლამენტში არ შედიან

4 დეკემბერი, 2020 • 1054
რაქვიაშვილი ამბობს, რომ ის, ხვიჩია და მეგრელიშვილი პარლამენტში არ შედიან

“ჩვენ ერთგული ვიქნებით საერთო ოპოზიციის შეთანხმების”, – განაცხადა “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით.

“მე შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ ჩემი, იაგოს და ვახოს სახელით და ჩვენ იგივე რეჟიმში ვართ — ოპოზიციასთან შეთანხმების ერთგულები ვართ და გვინდა, რომ ეს ერთიანობა შევინარჩუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა ერთად შევთანხმდებით “ქართულ ოცნებასთან” ისეთ გამოსავალზე ამ კრიზისიდან, რომლითაც ასე თუ ისე ყველა იქნება კმაყოფილი. გუშინ გვქონდა “ლელოს” ოფისში შეხვედრა, სადაც ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ჩამოვყალიბდით საერთო პოზიციაზე და მე, ვახო და იაგო ამ პოზიციის ერთგული ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ ზურაც”, – განაცხადა რაქვიაშილმა “ტვ პირველის” ეთერში და თქვა, რომ ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პროცესებთან არ აკავშირებს.

ზურაბ ჯაფარიძის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტის საკითხზე პოზიცია არც ჯაფარიძეს შეუცვლია და იგივეს გააკეთებს, რასაც დანარჩენი ოპოზიცია.

გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

ზურაბ ჯაფარიძის პოსტს წინ უძღოდა რამდენიმედღიანი დისკუსია იაგო ხვიჩიას განცხადების გამო ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ  “ფეისბუკზე” დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, ფეისბუქ პოსტები და კომენტარები არ შეიძლება, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი იყოს, მით უმეტეს, როცა ჯაფარიძემაც დაადასტურა, რომ ამ საკითხზე, შინაარსზე თანხმობა ჰქონდათ. რაქვიაშვილი ამბობს, რომ არც პირადი კონფლიქტი და დაძაბულობა ჰქონია ზურაბ ჯაფარიძესთან და ამ მომენტისთვის მისთვის უცნობია ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი.

“გუშინწინ საღამოს დავიწყეთ ამდაგვარი კომუნიკაცია, თუმცა თავიდან მეგონა, რომ ხუმრობა იყო. ამ მომენტისთვის ისიც უცნობია, ვინ მიდის და ვინ არ მიდის, იმიტომ, რომ მე არ წარმომიდგენია ადამიანურად, ზურა გირჩი ჯაფარიძე რომ “გირჩში” არ იყოს და არ წარმომიდგენია, რომ ზურამ გაგვყაროს — არც ადამიანურად, არც ფორმალურად. ძალიან გაუგებარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“ზურამ გარკვეული ულტიმატუმი წარგვიდგინა, მიზეზი არც ჩვენ ვიცით” – რაქვიაშვილი

გირჩი: რა უძღოდა წინ პარტიის გაყოფას?

მასალების გადაბეჭდვის წესი