ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძე ბავშვთა პორნოგრაფიაზე ხვიჩიას ნათქვამს გამოეხმაურა

3 დეკემბერი, 2020 • 2988
ზურა ჯაფარიძე ბავშვთა პორნოგრაფიაზე ხვიჩიას ნათქვამს გამოეხმაურა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ იაგო ხვიჩიას ნათქვამი ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

საუბარია ხვიჩიას რამდენიმე დღის წინანდელ პოსტზე, რამაც პარტიის მხარდამჭერებსა და მათ მიღმა დისკუსიები გამოიწვია.

რა თქვა ხვიჩიამ?

იაგო ხვიჩია ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქის დაკავებას ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

29 ნოემბერს ზუგდიდში დაკავებულ მოქალაქეს ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

პირველ დეკემბერს პარტიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ნინო დარსაველიძემ, ხვიჩიას ნათქვამი მწვავედ გააკრიტიკა და ამის გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა მოითხოვა.

ზურა ჯაფარიძეს არაერთმა ადამიანმა მოუწოდა პოზიციის დაფიქსირებისკენ, მათ შორის დარსაველიძემ, თვითონ იაგო ხვიჩიამ, მწერალმა ტორესა მოსიმ და სხვებმა.

ჯაფარიძე საბოლოოდ 3 დეკემბერს გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება არასწორი იყო, თუმცა „არა შინაარსის გამო“.

რა თქვა ჯაფარიძემ?

მხარდამჭერების კითხვაზე პარტიაში კრიზისთან დაკავშირებით ჯაფარიძემ თქვა: „არაფერი არ ჩამონგრეულა, არც არაფერი ჩამოინგრევა, თუმცა ამ კრიტიკას ვიღებ, რომ არ ვიღებდი მონაწილეობას მენეჯმენტში იმ დოზით, რა დოზითაც შეიძლება საჭირო იყო და ამ მხრივ ვაპირებ შევცვალო“.

მან წაიკითხა ერთ-ერთი მხარდამჭერის კითხვა შემდეგი ფორმულირებით: „ასეთი გამოხტომები იაგოს მხრიდან როდემდე უნდა გაატაროთ? არ შეცვლით არაფერს“? ჯაფარიძემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

„კი, რაღაცებს შევცვლით… გამოხტომას ამას ვერ დავარქმევთ. ჩათვალა ადამიანმა, რომ რაღაც პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა. თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და შემიძლია ბევრნაირად ავხსნა, რატომ იყო არასწორი. არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო. მაგრამ ჰო, კითხვის შინარსი გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მოდით, მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე აქ“.

„ცნობისმოყვარეობა“

თუმცა შემდეგ კითხვაზე, პორნოგრაფიის მოხმარება არის თუ არა ამ დანაშაულის წახალისება და უნდა იყოს თუ არა დასჯადი, უპასუხა:

„თავისთავად მოხმარება, ჩემი აზრით, არ არის. გააჩნია, რა შემთხვევაში“.

„ჩვენ, ადამიანები ვართ ცნობისმოყვარე არსებები და მათ შორის ერთ-ერთი, რაც ადამიანების ყურდღებას იზიდავს, არის, რა საშინელება შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. და ეგეთი რაღაცები ჩვენ, ადამიანებს გვაინტერებს. ამიტომ, თუ ადამიანმა ინტერესის გამო რაღაც გადმოტვირთა, რომ ენახა, ან თუნდაც იყიდა, არ მგონია, რომ ცოცხალი ადამიანი ამის გამო უნდა დაისაჯოს…

ისევე, როგორც სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სამეცნიერო კვლევას აკეთებდეს ბავშვთა პორნოგრაფიაზე, რომელიც მერე ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს ვიღაცამ. არ მგონია, რომ ამის გამო ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს“.

ჯაფარიძე ასევე ამბობს: „შეიძლება, მუღამი ჰქონდეს ვიღაცას, რომ თვითონ ებრძვის ბავშვთა პორნოგრაფიას და ამის გამო შეიძლება იყიდა და გადმოტვირთა, რომ მერე რაღაცნაირად დაუპირისპირდეს, რაღაცნაირად უნდა, რომ მერე მთელი თავის ცხოვრება მაგაზე ააწყოს. არც მაგ შემთხვევაში მგონია, რომ უნდა დაისაჯოს“.

ბოლოს ამ საკითხზე საუბრისას ჯაფარიძემ თქვა:

„თუ ტიპი ყიდულობს, კოლექცია აქვს და სიამოვნებას იღებს მათი ყურებით, — და პირიქით, სიამოვნებას ვერ იღებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვთა პორნოგრაფიას უყურებს, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი, ჩემი აზრით, არის ავად“.

„მაგ შემთხვევაში, დასჯა-არდასჯაზე როცა მიდის საუბარი, მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ, ჩემი აზრით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ეს ადამიანი თავისთავად ხომ არ არის მოძალადე და თვითონ ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს, თვითონ ხომ არ არის მსგავსი რამის გამკეთებელი“.

„ასეთ შემთხვევაში, — კი, ეგეთი ადამიანის იზოლირება უნდა მოხდეს. შეიძლება არა ციხეში და სპეციალრ დაწესებულებაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, იზოლირება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, არ მგონია ავადმყოფი ადამიანის ციხეში გაშვება სწორი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი