ნეტგაზეთი | ჯანდაცვის სისტემაზე და ტიკარაძეზე შეტევა ვირუსის მხარეს დგომაა – მდინარაძე ჯანდაცვის სისტემაზე და ტიკარაძეზე შეტევა ვირუსის მხარეს დგომაა – მდინარაძე – Netgazeti
RU | GE  

ჯანდაცვის სისტემაზე და ტიკარაძეზე შეტევა ვირუსის მხარეს დგომაა – მდინარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეპიდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემაზე და ჯანდაცვის მინისტრზე, ეკატერინე ტიკარაძეზე “მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა” კორონავირუსის მხარეს დგომას ნიშნავს. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემისა და ეკატერინა ტიკარაძის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და სხვადასხვა ორგანიაზცია ავრცელებს.

“მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კოვიდ-19-ის შედეგებთან გამკლავება. ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი. დღეს ამ საკითხში არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებზე თუ ხარვეზებზე ჩასაფრების, და ასეთი ხარვზები, რა თქმა უნდა, იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ამ ფონზე ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინელები ვირუსის მხარეს დგომაა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, “კრიტიკა ყოველთვის დასაშვებია”, თუმცა ეპიდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემაზე და ეკატერინე ტიკარაძეზე “თავდასხმა” იგივეა, რაც საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრზე “თავდასხმა”.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 152 704 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 126 904 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1425. კორონავირუსის მქონე პაციენტები და ვირუსით გარდაცვლილების ახლობლები გარკვეულ შემთხვევებში ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე, სასწრაფო დახმარების დაგვიანებით გამოცხადებაზე და კლინიკებში დაგვიანებით ან საერთოდ არგადაყვანაზე საუბრობენ.

რაც შეეხება ტიკარაძეზე “შეტევას”, ჯანდაცვის მინისტრმა 2 დეკემბერს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედია მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

“მაშინ, როცა ქვეყანაში არის რთული ვითარება და ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია”, – ამბობდა მინისტრი.

ასევე ტიკარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ არცერთ სიუჟეტს არ გამოეხმაურებოდა, რომელიც მის კვალიფიკაციასთან და დიპლომთან დაკავშირებით გავრცელდა, რადგა “პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას”. ასევე ტიკარიძე აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა.

ვრცელდება მიმოწერა, სადაც კოვიდით გარდაცვლილი ქალი ექიმების გულგრილობაზე საუბრობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი