ახალი ამბები

ვრცელდება მიმოწერა, სადაც კოვიდით გარდაცვლილი ქალი ექიმების გულგრილობაზე საუბრობს

4 დეკემბერი, 2020 • 1877
ვრცელდება მიმოწერა, სადაც კოვიდით გარდაცვლილი ქალი ექიმების გულგრილობაზე საუბრობს

ქართული მედიით ვრცელდება მიმოწერა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ექიმების გულგრილობაზე საუბრობს. ქალი მშობიარობიდან 1 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. სამინისტრო კი ამბობს, რომ საქმეს შეისწავლის.

„გაგუდული დაგხვდები“; „მიყვირიან“ – ეს იმ მიმოწერის ნაწილია, რომლებიც ე.წ. სქრინების სახით ვრცელდება.

❗ მიყვირიან
❗ გაგუდული დაგხვდებით
? რას წერდა ოჯახს 31 წლის ქალი გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Thursday, 3 December 2020

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ჰკითხეს. მან თქვა, რომ სამინისტრო ყველა მსგავს შემთხვევას სწავლობს.

„ის ინფორმაცია, რაც ჩვენ კლინიკიდან გვაქვს, მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაირა პაციენტმა, იყო ის ეტაპები, რაც რეალურად პროტოკოლით არის გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზსაც გავაკეთებთ.

გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის დაზიანებას, კონკრეტული შემთხვევაში თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რამაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ უფიქსირდება. ამ შემთხვევაში მეტად ღრმა ანალიზი ჩატარდება“, – ამბობს ის.

რაც შეეხება უშუალოდ მიმოწერას, გაბუნია ამბობს, რომ ამ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება, რასაც სამინისტრო აპირებს.

„ ჯანდაცვის სამინისტრო არის იმისთვის, რომ პრევენციულად… სრულიად გამორიცხულია ასეთი ტიპის შეუფერებელი დამოკიდებულება პაციენტთან და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდბა, გადავამოწმებთ და ამაზეც სამინისტროს აქვს რეაგირების მექანიზმები“, – დასძენს ის და ამატებს, რომ რაც უნდა დაუჯერებელი იყოს ბრალდება, სამინისტრო ყველა შემთხვევას სწავლობს.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე, თუ რატომ არ არსებობს ჯერჯერობით საჯარო პასუხი სხვა მსგავს საქმეებზე, რომლებსაც სამინისტრო ასევე სწავლობს, გაბუნია ამბობს, რომ თითო საქმის შესწავლას გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდება.

მისივე თქმით, დეკემბერში სამინისტროს დასრულებული ანგარიშები ექნება.


სოფელ ერგეში მცხოვრები რუსუდან კოკობინაძე  3 დეკემბერს გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, ქალი კოვიდინფიცირებული იყო და საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი გართულებებით ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/316900/

მასალების გადაბეჭდვის წესი