ახალი ამბები

პროკურატურა ისნის საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმოწერას ასაჯაროებს

4 დეკემბერი, 2020 • 1066
პროკურატურა ისნის საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმოწერას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურა  ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულების მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

პროკურატურა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას ასაჯაროებს.  უწყების განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად ისნის საოლქო კომიის თავმჯდომარეს ემუქრებოდნენ.

“მათ შორის იმით ,რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თედო გობეჯიშვილს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული აკაკი კობალაძე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძეს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. აკაკი კობალაძე გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი, თედო ,ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე – „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თედო გობეჯიშვილისთვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულების ადვოკატის, ბექა ბასილაის თქმით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მიმოწერა დაკავებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას ვერ ამტკიცებს და ეს მიმოწერა მხოლოს მეგობრებს შორის “შაყირია”.

“ეს არის ერთგვარი შაყირის მესიჯები, სმაილებით გადატვირთული მესიჯებია. ეს მესიჯები არის მეგობრებს შორის წარმოებული მიმოწერა, შინაარსსაც თუ გაეცნობით, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომ ეს არის შაყირის მესიჯები. ღადაობენ მეგობრები ერთმანეთში. აქ რაიმე ქრთამთან დაკავშირებით ისმის? რაიმე მუქარა აქ ისმის, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ოჯახის წევრებს ვინმე შეეხება? პროკურატურამ ბინძური ბრალი რომ წამოუყენა კობალაძეს და ხუსკივაძეს, რაიმე მსგავსი არის აქ? — არაფერი.

ერთადერთი არის ღადაობა, შაყირი, იმასთან დაკავშირებით, რომ ხატია დეკანოიძის დასაჭერ პირთა სიაში ხარ შეყვანილიო. ვის შეუძლია ახლა სერიოზულად წარმოიდგინოს, რომ ხატია დეკანოიძე ქმნის დასაჭერ პირთა სიას”, — განაცხადა “ტვ პირველთა” ბექა ბასიალაიმ.

ერთ-ერთი ბრალდებულის, აკაკი ხუსკივაძის ცოლი ნათია მეტონიძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ეს მიმოწერა ბრალდებულების დაკავების საფუძლევს არ იძლევა.

“შეხედავდით, რომ “სმაილიკებით” არიან და ეგენი ერთმანეთში სულ ხუმრობდნენ, ეს როგორ შეიძლება გამოიყენონ. აქ რა უწერიათ? ოჯახს გაგინდაგურებთ თუ რა? ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა გამოიყენონ და ამის საფუძველზე როგორ ჰყავთ დაკავებული ორივე”, — ამბობს ნათია მეტონიძე.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს 43 წლის ასაკში “მოულოდნელად გარდაიცვალა”.

იმავე დღეს, 7 ნოემბერს, გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ორი პირი – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე  დააკავა, ორივე მათგანი წარსულში ცესკოში საქმიანობდა.

გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი – ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი