დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი ჩატარდა COVID-19-ის გამოსავლენად.
მისი თქმით, უკანასკნელ დღე-ღამეში 17 463 ტესტი ჩატარდა, რომელთგან PCR იყო 10 804, ანტიგენზე დაფუძნებული ე.წ. სწრაფი ტესტი კი – 6 659. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დღიურად ტესტირებულთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მთავრობამ ახალი დადგენილება დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს კლინიკებისა და პაციენტებისთვის ბარიერების შემცირებას დღიურად 20-25 ათასი ტესტირებულის მისაღწევად, საიდანაც 10-12 ათასი PCR, ამდენივე კი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი იქნება.
გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ, ჯერჯერობით გაფართოებული ტესტირება მხოლოდ თბილისის მასშტაბით 40-მდე ლაბორატორიაში ჩატარდება, ხოლო თუ მოთხოვნა მაინც დიდი იქნება, მაშინ შესაძლოა განიხილონ ამ ქსელის გაფართოება, დამატებით საჭიროების შემთხვევაში კი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აფთიაქების ნაწილში ტესტირებისთვის შესაბამისი სივრცის გამოყოფა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 152 704 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 126 904 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1 425.
გამყრელიძის თქმით, უნდა გაორმაგდეს კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა