ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, უნდა გაორმაგდეს კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა

2 დეკემბერი, 2020 • 1445
გამყრელიძის თქმით, უნდა გაორმაგდეს კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს მთავრობის გადაწყვეტილებას ახალი კორონავირუსის დასადგენად სწრაფი ტესტების გამოყენების  გაფართოებაზე.

გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათის მონაცმებით, ქვეყანაში  10 232 PCR და 3 700-მდე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩატარდა, მომდევნო დღეების განმავლობაში კი დღიურად ტესტირების მაჩვენებლის 20-25 ათასამდე გაზრდაა საჭირო, საიდანაც 10-12 ათასი  PCR, ამდენივე კი სწრაფი ტესტი იქნება.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების სწრაფად გამოსავლენად, ასევე, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისთვის:

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ შეზღუდვების პერიოდში კიდევ გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ადრეულ იდენტიფიცირებაზე. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის და სწორი ჩვენებით გაკეთებული, იგივე შედეგს იძლევა, რასაც ოქროს სტანდარტი PCR ტესტი. არის რეკომენდაცია, ის მაქისმალურად იყოს გამოყენებული.

ამ პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება სწრაფი ტესტებით. ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ, ან შევანელოთ ეპიდემიის გვრცელება. დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ინფიცირებულის სწრაფად გამოვლენას, იქნება ეს მსუბუქი თუ უსიმპტომო”, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში 350 000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტია, რომელსაც იყენებენ.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების პასუხის PCR-ზე გადამოწმება მხოლოდ ორ შემთხვევაში და ექიმის გადაწყვეიტლებით მოხდება:

“1. თუ არის უსიმპტომო ადამიანი და ანტიგენი დადებითია, ან ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება; 2. თუ არის სიმპტომები გამოხატული და ანტიგენი უარყოფითია, ისევ ექიმის დანიშნულებით შეიძლება მისი გადამოწმება. თუ მცირე და საშუალო სიმპტომებითაა ადამიანი და ანტიგენი დადებითია, მას გადამოწმება აღარ სჭირდება” ,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მკურანლობას გადის, კოვიდზე ტესტირებას სწორედ სწრაფი ტესტით გაივლის. მისი თქმით, ამ დრომდე ტესტირებას მხოლოდ ცხელების მქონე პაციენტები ექვემდებარებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი