ახალი ამბები

კლინიკაში ნაცნობობით მოთავსების ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება – ცერცვაძე

3 დეკემბერი, 2020 • 906
კლინიკაში ნაცნობობით მოთავსების ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება – ცერცვაძე

“სისტემურად არა. ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება”, – ასე უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის კითხვას, ათავსებენ თუ არა საქართველოს კლინიკებში კოვიდ-პაციენტებს ნაცნობობით.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამ და სხვა საკითხებზე ტელეკომპანიას “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” ისაუბრა.

“სისტემურად არა. ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება, იმიტომ, რომ… თქვენ რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება ერთეული შემთხვევები, ან გერმანიაში არ ხდება?” – დასძინა მან.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა ეს პრაქტიკა ქვეყანაში გავრცელებული მხოლოდ ერთეული შემთხვევების სახით, ცერცვაძემ უპასუხა:

“ამ ქვეყანაში პაციენტის კლინიკაში მოთავსების ერთეული შემთხვევა შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ არსებობს მთელი სქემა, რომელსაც ვერ აუვლი გვერდს.

ყველაფერი იტვირთება პორტალზე, ზარები ფიქსირდება 112-ში, ფიქსირდება ოჯახის ექიმებთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი მუშაობს ამაზე… თუ გვიანდება სასწრაფოს გამოძახება[მოსვლა], ეს სხვა არის. უცხოეთში, ხანდახან, 5 დღე ელოდებიან სასწრაფოს და იქ არავინ არაფერს ამბობს”, – აღნიშნა მან.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 147 636 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 124 568 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 387 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი