ახალი ამბები

ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები პროტესტის ფონზე შეაჯამა

3 დეკემბერი, 2020 • 1544
ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები პროტესტის ფონზე შეაჯამა

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ცესკოსთან მიიტანეს მანეკენი თამარ ჟვანიას გამოსახულებით და ბანერი, წარწერით “შემაჯამებელი ოქმი”. აქციაზე “შემაჯამებელი ოქმის” პლაკატი დაწვეს. ასევე, ჩართეს სიმღერები: “დიდება პარტიას” და “სისტემა უნდა დაინგრეს”.

“ცესკოში დღეს არის საბოლოო შეხვედრა, საბოლო შემაჯამებელი ოქმი გამოსცეს, რითიც “ქართულ ოცნებას” “გაუპრავეს” წაგებული არჩევნების მოგება. სწორედ ამიტომ, ამ ფორმით, საბოლოო “ოქმის” დაწვით გავაპროტესტეთ ივანიშვილის უმცირესობით უმრავლესობაში მოსვლა. ეს არის სიმბოლური აქტი, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ შეეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ეს ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს” , – განაცხადა მოძრაობა “შეცვალეს” წარმომადგენელმა ნიკა ფარლავამ.

აქციაზე ყუთით კვერცხები მიიტანეს, “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის განმარტებით, იმის სიმბოლოდ, რომ “თამარ ჟვანია ჩეკავს დეპუტატებს”.

დღეს, 3 დეკემბერს, ცენტრალურა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად,   ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511 853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.

მანდატები

საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“.

ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციიდან არჩეულმა წევრებმა: დავით კირთაძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)”, დავით გურგენიძემ („ევროპული საქართველო) და ხათუნა სხირტლაძემ (“პატრიოტთა ალიანსი”).

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღეში.

 

ცესკო დღეს არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს

მასალების გადაბეჭდვის წესი