პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, ოპოზიცია ერთიანი რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, ამავდროულად, “არსებობს შეთანხმების სხვა ელემენტებიც”. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შუამავალ ელჩებს შეხვდენ და “განახლებული პოზიცია” გააცნონ, თუმცა არ ამბობენ, რაში მდგომარეობს ეს პოზიცია.
“არის საინტერესო ახალი კომპონენტებიც, მაგრამ, რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები ვართ ერთიანი. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნა იგივეა. არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საინტერესო წინადადებებიც, რომელსაც მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ. სანამ თანხმობა არ გვექნება მოდერატორებისგან, საზოგადოებას ვერ გავაცნობთ”, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
“გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის პოზიციაში “პრინციპული ცვლილება არ არის”.
“ოპოზიცია არის ერთიანი, რჩება ბოიკოტის რეჟიმში. ვსაუბრობთ სხვადასხვა ტიპის სკითხებზე და ჩემი აზრით, მზად ვართ, რომ შევხვდეთ მოდერატორებს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
“ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის. ვერ გეტყვით, რა არის პოზიცია… ძველი მოთხოვნები რჩება ძალაში”, – უთხრა ჟურნალისტებს “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.
ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას თქმით, “ოპოზიცია როგორც არასდროს ერთიანია” იმ პოზიციაში, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალ არჩევნებშია.
“რა თქმა უნდა, არსებობს შეთანხმების სხვა ელემენტებიც, რომელიც გულისხმობს იმას, ახალ არჩევნებთან ერთად რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ რეალურად ახალი არჩევნები ახალი არჩევნებისთვის კი არ იყოს, არამედ თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ ცვლილებებს და ა.შ.”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამოქმედო გეგმა და სტრატეგია როგორც მიმდინარე საკითხებზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაზე.
“ოპოზიცია არის სრულიად ერთიანი საკუთარ მიდგომებში და ამ უახლოეს მომავალში მზად ვიქნებით, ეს მიდგომები გავაჟღეროთ”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის პოზიციები სრულად ჩამოყალიბდება დღის ბოლომდე და დიპკორპუსს განახლებულ პოზიციებს, სავარაუდოდ, ხვალ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე გააცნობენ.
გაიგეთ მეტი
რატომ ჭიანურდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების III რაუნდი