ახალი ამბები

რატომ ჭიანურდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების III რაუნდი

1 დეკემბერი, 2020 • 1244
რატომ ჭიანურდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების III რაუნდი

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა, ბარიერგადალახულმა პარტიებმა კი საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები დაიწყო.

“ქართული ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორ რაუნდი, მცირე შუალედით, 12 და 14 ნოემბერს გაიმართა. ორივე რაუნდის შემდეგ პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებების რაიმე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია და შეხვედრები ძირითადად მხარეების პოზიციების გაცნობითი ხასიათის იყო.  მეორე რაუნდის შემდეგ ერთადერთი შეთანხმება, რომელიც საჯაროდ ცნობილი გახდა, მესამე რაუნდის გამართვა იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მეორე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ მზად იყვნენ, ეს დიალოგი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში გაეგრძელებინათ.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში”, — ამბობდა თალაკვაძე.

მეორე რაუნდიდან რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ პარტიები ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავდნენ. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ბარიერგადალახული და ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ლიდერებმა ( ნინო ბურჯანაძემ) ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს. როგორც ოპოზიციის წევრები განმარტავდნენ, ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მომზადება იყო.

მეორე რაუნდის შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა, მესამე რაუნდი კი ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა. პარტიებს დიპლომატებთან ინდივიდუალური კონტაქტი აქვთ, ზოგი ელჩებს პირადადაც სტუმრობს და კვლავ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაზე მსჯელობენ. თუმცა, როდის გაიმართება მესამე რაუნდი, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

რატომ გაჭიანურდა მესამე რაუნდის ჩანიშვნა, ხომ არ ნიშნავს ეს მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას?

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ დიპლომატებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებენ. მაგალითად, გუშინ, 30 ნოემბერს, ევროკავშირს ელჩს პარტიის ლიდერები, გრიგოლ ვაშაძე და კობა ნაყოფია შეხვდნენ.

უდუმაშვილი არ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და იმას, რომ მესამე რაუნდი ჯერ ამ დრომდე არ გამართულა, “ქართული ოცნების” მხრიდან შემხვედრი წინადადების არქონით ხსნის.

“ალბათ, როდესაც ხელისუფლება მზად იქნება, რომ წარმოადგინოს თავისი წინადადებები, ჩაინიშნება, სავარაუდოდ. პირველი ორი რაუნდი ძირითადად დაეთმო პოზიციების გაცვლას. ჩვენი პოზიცია ორივე რაუნდში მოისმინეს, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები. შესაბამისად, ახლა უკვე ხელისუფლება უნდა მოვიდეს თავისი წინადადებებით ამ შეხვედრაზე და, სავარაუდოდ, ამიტომ იწელება მესამე რაუნდი”, — ამბობს უდუმაშვილი და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება მესამე რაუნდზე “გონივრული წინადადებით” მივა.

ბოლო დღეებში ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას არ ადასტურებს “გირჩი”. პარტიაშიც ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” მოლაპარეკებების მაგიდაზე საკუთარი წინადადების დადებას აჭიანურებს. თუმცა “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას უჭირს იმის შეფასება, შევიდა თუ არა პროცესი ჩიხში.

“შეფასება ჩიხში არის შესული თუ არა, მე მგონი, ჩემგან ჯერ არის კორექტული. მაგიდაზე რა დაიდო, არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა ვერსიაზე, რომელიც რაღაცნაირად ჩვენამდე მოვიდა. მაგალითად, მე ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გამაცნო გარკვეული წინადადება, რომელიც მას ელჩებმა გააცნეს, ჩემი აზრი აინტერესებდა. ასეთი ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის მაგიდაზე დადებული წინადადებები. არსებობს ელჩების მოსაზრებები და რჩევები. ისინი ესაუბრებიან პოლიტიკურ პარტიებს იმაზე, თუ რა უნდათ, რა შეიძლება იყოს მათთვის კომპრომისი”, — აცხადებს ის.

კითხვაზე, რა წინადადება გააცნო ბადრი ჯაფარიძემ, იაგო ხვიჩია გვპასუხობს:

“არაფერი ისეთი განსაკუთრებული, უბრალოდ, არ მგონია, ჩვენთვის კორექტული იყოს თქმა იმისი, რაც საჯაროდ არ უთქვამთ ადამიანებს. უბრალოდ, ეს ჩვეულებრივი საუბრის პროცესია, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ რაღაც საუბრები რომ მიმდინარეობს, ეს ფაქტი არის”.

ნეტგაზეთი ასევე დაინტერესდა, იყო თუ არა ელჩებთან შეხვედრისას ან საერთო ოპოზიციურ ფორმატში განხილული მედიით გავრცელებული “გირჩის” პოზიცია, რომლის თანახმადაც, თუ ხელისუფლებამ ვადამდელ არჩევნებზე უარი თქვა, მაგრამ თანახმა იქნება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიციაა შეთანხმებული, “გირჩი” პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყოდა.

ხვიჩიას თქმით, “გირჩის” პოზიციის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და ამის შესახებ საუბარი არც დიპლომატებთან ყოფილა.

“უბრალოდ, როდესაც ზურაბ ჯაფარიძეს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ჰკითხა პირდაპირ ეთერში, მაგალითად, არის თუ არა სხვა საკითხები ისეთი, რომელიც თქვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების საკითხი, ზურაბ ჯაფარიძემ უთხრა, რომ მართლმსაჯულების საკითხი არის ასეთი. უბრალოდ, არ გვჯერა, რომ “ქართული ოცნება” ამას შეასრულებს, თორემ ასეთი საკითხი ჩვენთვის მართლმსაჯულება იქნებოდა.

მე დარწმუნებული ვარ, მართლმსაჯულების სისტემა “ქართულმა ოცნებამ” რომ დათმოს, ჩვენ მთელ ოპოზიციას დავიყოლიებთ, რომ პარლამენტში შესასვლელია. უბრალოდ, სერიოზულად ეს არავის არ განუხილავს, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ნდობა “ქართული ოცნების” მიმართ, რომ ასეთ რაღაცას იზამს და დაეჯერება, არ ყოფილა”, — განაცხადა ხვიჩიამ.

მესამე რაუნდის გასამართად “ქართული ოცნებისგან” კონკრეტულ წინადადებას ელიან “ლელოშიც”. როგორც პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რეალურად, მოხერხდება თუ არა შეჯერება ისეთ გამოსავალზე, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და რომელსაც ორივე მხარე დაეთანხმება, მესამე რაუნდით გამოჩნდება.

“იმედი მაქვს, რომ ასე[მოლაპარაკებები ჩიხშია შესული] არ არის, თუმცა ფაქტია, რომ გაჭიანურდა და ფაქტია, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოამზადა ის თანმხვედრი წინადადება, რომელიც მესამე რაუნდის გამართვის საფუძველი გახდებოდა. მაგრამ მაინც მინდა დავიტოვო გარკვეული იმედი, რომ მესამე რაუნდი შედგება და შემხვედრი წინადადებებით იქნება წარმოდგენილი მმართველი პარტია.

ფაქტია, ახლა რასაც ველოდებით, არის მესამე რაუნდი, სადაც უნდა დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა შეჯერება ისეთ წინადადებებზე, რომელიც არცერთი მხარის წითელ ხაზებს არ კვეთს. ეს არის მესამე რაუნდის მოლოდინი”, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბოლო დღეებში დიპლომატებთან ინდივიდუალური შეხვედრები არ გაუმართავთ პარტია “მოქალაქეების” წევრებს. თუმცა, როგორც მეორე რაუნდის, ისე მედიისთვის გახდა ცნობილი ელჩებთან გამართული ბოლო ინდივიდუალური შეხვედრის შემდეგ, ყველაზე დამაიმედებელ განცხადებებს სწორედ ამ პარტიის წევრები აკეთებდნენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მეორე რაუნდის შემდეგ ამბობდა, რომ “საქმე პესიმისტურად არ არის”. წინა კვირას აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალური შეხვედრის შემდეგ კი სწორედ მან განაცხადა, რომ ოპოზიციისა და “ოცნების“ პოზიციები გაცილებით დაახლოვდა.

პარტიაში მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შესულად არ მიაჩნიათ და მესამე რაუნდის ამ დრომე არჩანიშვნას იმით ხსნიან, რომ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრებით მესამე რაუნდისთვის პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

“არ ვთვლი, რომ ჩიხშია შესული, მგონია, რომ პირიქით, მეტი ძალისხმევა იხარჯება იმაში, რომ მოლაპარაკებები შედგეს. პირველი ორი რაუნდი პრაქტიკულად მოლაპარაკებები არ ყოფილა, ის იყო სიტუაციაში გარკვევა და ერთმანეთითვის ჩვენი მოთხოვნების დაყენება. რეალურად, ახლა უნდა დაიწყოს ამ მოთხოვნებზე მსჯელობა.

იცით, რომ პროცესის მონაწილეებთან შეხვედრები სათითაოდ ხდება, არაერთი პარტიის ბევრი პოზიცია უნდა შეჯერდეს და დაემთხვეს. ალბათ, ეს არის მიზეზი. საელჩოები არიან ამით დაკავებული და ჩვენ, უბრალოდ, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, სადაც კიდევ ერთხელ გვკითხეს ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ჩვენი პოზიცია იციან და ამის მერე ჩვენ აღარ გვქონია შეხვედრა”, — განუცხადა ნეტგაზეთს ლევან იოსელიანმა.

პროცესებს ჩიხში შესულს არ უწოდებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში მძაფრი პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის, რასაც შველა სჭირდება.

მისი თქმით, დიპლომატები ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმების მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” რეალური პრობლემა მეტად უნდა დაინახოს და ადეკვატური პოზიციები უნდა ჰქონდეს.

როგორც ვაშაძე ამბობს, მესამე რაუნდი იმ შემთხვევაში შედგება, თუ რაღაც წინსვლის შესაძლებლობა იქნება.

“რაუნდი რაუნდისთვის და შეხვერდა შეხვედრისთვის ვერ იქნება. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშნებლის” გუნდი, ამას ვუყურებთ სრული პასუხისმგებლობით და მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერი სწორი მოსაზრებების განხილვაში.

პირდაპირ გეტყვით, ის საკითხი, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და მერე იქ მოხდეს რაღაც, ასეთი რამ აღარც განიხილება. ეს ამოგდებულია განხილვის დღის წესრიგიდან. ბევრ საკითხზე ვერ ვსაუბრობ, მეც ლამის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ტელეფონით თუ სხვადასხვა მეშვეობით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საუბარი არის, რა შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტები, რაზეც ზოგადად, მსჯელობა შეიძლება გაიმართოს”,  — განაცხადა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველთან”.

“ქართულ ოცნებასთან” ნებისმიერ წინადადების განხილვისთვის მზად არიან “ევროპულ საქართველოში” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ახალი არჩევნებს შეეხება. როგორც პარტიის წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, მხოლოდ არჩევნების შესახებ შეთანხმება შეიძლება იყოს კრიზისის დაძლევის შანსი. მისი თქმით, თუ ამაზე  ვერ შეთახმდებიან, მაშინ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ყველა წინაპირობა შეიქმნება.

“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ წინადადებას “ქართული ოცნების” მხრიდან. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გვაქვს მუდმივი კონსულტაციები, ისევე, როგორც ოპოზიციის შიგნით. ჩვენ მზად ვართ, რომ სერიოზულად განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც არჩევნების ჩატარებას შეეხება და მის ირგვლივ ნებისმიერ დეტალზე მზად ვართ, რომ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ. ოღონდ კარგად უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში “ქართულ ოცნებას”, რომ ნებისმიერ სხვა საკითხზე თუ ისინი აპირებენ, რომ რაღაც წინადადებები მოიტანონ, ოღონდ ისე, რომ ეს არჩევნებს არ ეხებოდეს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენგან იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია და ჩვენ ამის განხილვას მაშინ არ ვაპირებთ”, — აცხადებს სერგი კაპანაძე.

ახალი არჩევნების დანიშვნა წითელი ხაზია “ქართული ოცნებისთვის”.  პარტიაში არც იმის სჯერათ, რომ ოპოზიციას ხელახალი არჩევნების ჩატარება ნამდვილად სურს. როგორც პარტიის წევრი გია ვოლსკი ნეტგაზეთს ეუბნება, ახალი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას არ აწყობს, თუმცა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა მე-3 რაუნდზე მმართველი პარტია რაიმე ახალი წინადადებით მისვლას.

“ოპოზიციის სტრატეგია ადვილად იკითხება – დათმეთ, თორემ დესტრუქცია და მავნებლობა გაგრძელდება. ამავე დროს რთული არჩევანი აქვთ მათ, რომლებსაც სააკაშვილ/სანიკიძეს სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი არჩევნები არ აწყობთ და, ფაქტობრივად, ცალ მხარეს აღმოჩნდნენ კოვიდთან და საოკუპაციო ძალასთან ერთად – დესტაბილიზაციაა მათი საერთო სახელი. მეორე მხარეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც აცხადებენ, რომ გადაცდომების მიუხედავად, არჩევნები სამართლიანია. წითელი ხაზი იქ გადის, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობის პოზიციაა დაფიქსირებული. ამასთანავე, არეართი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტი და მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგია. არ შეიძლება სააკაშვილს ჩაჰყვე პოლიტსამარეში, თუკი ქვეყნის წინაშე გაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ამ მოცემულობით მივდივართ მოლაპარაკებაზე”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი