ახალი ამბები

“COVID-19-ის სწრაფი ტესტისთვის შეგიძლიათ ამბულატორიებს თვითდინებითაც მიმართოთ” – გამყრელიძე

3 დეკემბერი, 2020 • 1342
“COVID-19-ის სწრაფი ტესტისთვის შეგიძლიათ ამბულატორიებს თვითდინებითაც მიმართოთ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტის გასაკეთებლად პაციენტებს შეუძლიათ ამბულატორიებს მიმართონ თვითდინებით, ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართების გარეშეც:

“კიდევ უფრო მეტად გაიოლდება და ხელმისწავდომი გახდება ტესტირება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს დამახასიათებელი სიმპტომები- ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის და გემოს დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართონ თავიანთ პოლიკნილიკებს ან სხვა სტაციონარებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.

ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მსუბუქდება მაქსიმალურად. აუცილებელი აღარ იქნება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმა გადაამისამართოს ისინი, ან თვითდინებით მიბრძანდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ მკურნალობა. თუ დადებითია, სასურველია ჩატარდეს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ან იმოქმედონ სამახსოვროს მიხედვით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ”, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ტესტის ჩატარების უფლება აქვს 300-მდე დაწესებულებას, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში სულ მცირე ერთი ასეთი დაწესებულება მაინცაა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი პროტოკოლით, ყოველდღიურად იზრდება  COVID-19-ის ტესტირების რაოდენობა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ, 2 დეკემებრს განაცხადა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ 20-25 ათასი ტესტის ჩატარება იგეგმება, საიდანაც 10-12 ათასი PCR, ამდენივე კი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი იქნება.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

გამყრელიძის თქმით, უნდა გაორმაგდეს კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი