ნეტგაზეთი | გაერომ კანაბისი განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა სიიდან ამოიღო გაერომ კანაბისი განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა სიიდან ამოიღო – Netgazeti
RU | GE  

გაერომ კანაბისი განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა სიიდან ამოიღო

გაეროს კომისიამ ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მხარი დაუჭირა კანაბისის ამოღებას განსაკუთრებით საშიში და ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების სიიდან. ის კვლავ განიხილავს კანაბისს, როგორც სუბსტანციას, რომელიც კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, თუმცა ზემოხსენებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა რიგ ქვეყნებში მკაცრი კანონმდებლობის შესამსუბუქებლად და კანაბისის სამკურნალო თვისებების საკვლევად.

კანაბისი “სია IV-ში”, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებების გვერდით, 59 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. მოცემულობა ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, გაეროს 53-წევრიანი კომიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა. აღნიშნული სიიდან კანაბისის ამოღებას 27 წევრი მიემხრო, 25 წინააღმდეგ წავიდა, ერთმა კი ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა.

გადაწყვეტილებას აშშ-მა მხარი დაუჭირა, რუსეთი კი წინააღმდეგ წავიდა და მარიხუანას უწოდა დამოკიდებულების თვალსაზრისით ყველაზე უარესი ნივთიერება მსოფლიოში.

კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” რეკომენდაციები უძღოდა წინ. “ჯანმო” დასძენს, რომ კანაბისს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უარყოფითი ზემოქმედება და გამოიწვიოს დამოკიდებულება. თუმცა ასევე ხაზს უსვამს მის სარგებელს ტკივილისა და ღებინების შემცირებაში, ასევე, სიმპტომების შემსუბუქებაში ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა ანორექსია, ეპილეფსია და გაფანტული სკლეროზი. ორგანიზაციის თქმით, ოპიოდებისგან განსხვავებით, კანაბისი არ არის ასოცირებული სიკვდილის მნიშვნელოვან რისკთან.

მიუხედავად რეკლასიფიცირებისა, კანაბისი კვლავ რჩება “სია I-ში” შემავალ ნივთიერებებს შორის, რაც ასევე ითვალისწინებს კონტროლს. “ჯანმოს” რეკომენდაციით, კანაბისი ამ სიაში კვლავ უნდა ირიცხებოდეს, “კანაბისის მოხმარებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი მაჩვენებლის გამო”.

რეკლასიფიცირების გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც გზის გახსნა კანაბისის მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობების კვლევისათვის, მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან