ახალი ამბები

COVID-19-ით გარდაცვლილი 24 წლის ქალის ოჯახი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს

3 დეკემბერი, 2020 • 727
COVID-19-ით გარდაცვლილი 24 წლის ქალის ოჯახი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ქალის ოჯახი ექიმებს გულგრულობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადიოდა, სადაც 18 ნოემბერს მოათავსეს, პირველ დეკემბერს კი დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილის დედა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ამბობს, მის შვილს თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა და კლინიკაში სუნთქვის უკმარობით გადაიყვანეს, სხვა გართულებები კი არ ჰქონია.

ოჯახის განცხადებით, მათთვის მკურნალობის არცერთ ეტაპზე არ უთქვამთ, რომ პაციენტს დიაბეტი დაუდგინდა, რაც უჩენთ ეჭვებს, რომ გოგონა ექიმების უყურადღებობით დაიღუპა და თანმხლები დაავადება კლინიკამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით დაუწერა ანამნეზში.

გარდაცვლილის დედა ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მართვითი სუნთქვის აპარატზე გადაყვანის ნაცვლად, კლინიკაში საძილე აბები დაალევინეს, მეორე დღეს კი გოგონა გარდაიცვალა.

ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ კლინიკაში. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, პაციენტს პროტოკოლის სრული დაცვით მკურნალობდნენ და მისთვის საძილე აბებიც არავის მიუცია. ექიმის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია და ორივე ფილტვის სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა:

“ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ 18 ნოემბერს შემოიყვანა. რესპირატორული სიმპტომებით გადმოიყვანეს ტესტირებისთის. პაციენტს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ხველა, პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რამდენიმედღიანი ანამნეზით. ეს პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიიყვანა, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომელიც იყო ნეგატიური და შემდგომ იგივე სასწრაფო ბრიგადამ შემდგომი PCR ტესტირებისთვის გადმოიყვანა ჩვენს კლინიკაში.

პაციენტი მოთავსდა ცხელების განყოფილებაში, სადაც ჩატარდა კვლევები, მათ შორის, PCR ტესტი, დადასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი. პაციენტს ჰქონდა ფილტვის ორმხრივი პნევმონია, საკმაოდ ცუდი მონაცემები, ეს გახლდათ მძიმე მიმდინარეობის დაავადება. პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო, მოვათავსეთ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, სადაც უტარდებოდა მკურნალობა”, – ამბობს კლინიკის დირექტორი ლიკა მუმლაძე მედიაცენტრ “მთავარში”.

რაც შეეხება დიაბეტის დიაგნოზს, კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს პაციენტისთვისაც არ იყო ცნობილი დაკლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა.

“პაციენტს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი, მან არ იცოდა, ჩვენ რუტინული კვლევით დავადგინეთ ეს” ,- აცხადებენ კლინიკაში. მათივე ინფორმაციით, პაციენტს უტარდებოდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, თუმცა მძიმედ მიმდინარე COVID-19-ისა და თანმდევი გართულებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი