ახალი ამბები

MAP-ის მიღების შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს | ვიქტორ დოლიძე

2 დეკემბერი, 2020 • 1580
MAP-ის მიღების შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს | ვიქტორ დოლიძე

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მინისტერიალი, რომელიც ამჟამად იმართება, საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელშიც ქვეყანას აქამდე მიუღია მონაწილეობა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების სურვილია, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს.

„გვექნება საუბარი იმდენად მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის 2030-სთვის გენერალური მდივნის შემოთავაზება, ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციებში და ა.შ. ჩვენ მარტო სამხედრო თემატიკით არ შემოვიფარგლებით, არამედ უფრო მეტად პოლიტიკური თემატიკითაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ოპერაციებში ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ვიღებთ, მათ შორის ავღანეთში, და ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამავე დროს, გვსურს, უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები ნატო-სთან, რომელიც შეიცავს ევროატლანტიკურ ღირებულებებს და სრულ ინტეგრაციას ნატო-ში. არ არის საქართველოსთვის ახალი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, უბრალოდ, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ეს თემა უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან, ისევე როგორც სხვები. საქართველოს აქვს განსაკუთრებული პოზიცია და ვფიქრობ, ეს პოზიცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია კონტრიბუცია, რასაც საქართველო ახორციელებს, თუნდაც ავღანეთის მისიაში, ჩვენ ახლა 876 ადამიანი გვყავს ჩვენს ადგილზე. გენერალური მდივანი ყოველთვის აღნიშნავს ამ საკითხს”, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

დიპლომატის თქმით, საქართველოს გააჩნია ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობები, თუმცა ამას მომავალი აჩვენებს.

“არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ MAP-ს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს და დანარჩენს უკვე მომავალში ვნახავთ“, – აცხადებს იგი.


NATO-ს წევრების მინისტერიალი 1-2 დეკემბერს ფორმალურად ბრიუსელში იმართება, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს დისტანციურად ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი