ნეტგაზეთი | მოქალაქის თქმით, პოლიციელებმა სცემეს მოქალაქის თქმით, პოლიციელებმა სცემეს – Netgazeti
RU | GE  

მოქალაქის თქმით, პოლიციელებმა სცემეს

მოქალაქე აცხადებს, რომ ხაშურში პოლიციელებმა სცემეს. დავით კილაძე “მთავარ არხს” უყვება, რომ ქუჩაზე გადასვლისას პოლიციამ პირბადის გამო დააჯარიმა, ჯარიმის გამოწერის შემდეგ კი სცემეს.

“ზებრა გადასასვლელზე გადავდიოდი, როცა პარტრულის მანქანამ ჩამოიარა და დამიძახა: ე, ბიჭო, გადმოდი, პირბადე რატომ არ გიკეთიაო. თან ხელი მომკიდა… მანქანა ისევ მოძრაობდა, როცა ხელი წამავლო. ვუთხრარი, რანაირად იქცევით, პატრულის თანამშრომელი ხარ-მეთქი. ამის შემდეგ ოცმეთაური, ბატონი გიორგი ჩემ მიმართ აგრესიული გახდა და ცდილობდა წყობიდან გამოვეყვანე. მოდიოდა, ჩუმად ყურში მაგინებდა, თან მეუბნებოდა, ოჯახს გაგიმწარებო. პირადი ინფორმაციის მიღების შემდეგ, პატრულს ჩემი ტელეფონი გამოვართვი და გზას ვკვეთდი, როცა ოთხმა პოლიციელმა, ერთ-ერთმა ზურგიდან ჩამარტყა და სახით დამაგდო. ტრასაზე ვეგდე დაახლოებით 4-5 წუთი. ყოველ თავის აწევაზე, დაყვირებაზე, რომ ვიდეო გადაიღეთ, მუხლს მირტყამდა, რათა გავჩუმებულიყავი”,-ამბობს კილაძე.

მომხდარის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, 2020 წლის პირველ დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დაკავებულ დ. კ-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ,,ბ” ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყების ცნობითვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა დ. კ. და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.