ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება საქმეების განხილვის გადადებაზე

2 დეკემბერი, 2020 • 835
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება საქმეების განხილვის გადადებაზე

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება უნდა უზრუნველყონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ, პირველ დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მათივე გადაწყვეტილებით, პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა, საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

“დისტანციურად გასამართი პროცესების რაოდენობა საქმეებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება; ასევე გაიზრდება თითოეულ საქმეში დისტანციურად ჩართული პირების რაოდენობაც. ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს, განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, რომელშიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს 117 მოსამართლე”, — ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ამიტომ, სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის – სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა.

გუშინ, პირველ დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ოპოზიციონერი ლიდერების, გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშილის საქმეების განხილვა სასამართლოში დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. თუმცა, დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მათი საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადადო.

შესწორება: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო “იუსტიციის საბჭოს” განმარტება საქმეების განხილვის გადადებაზე. დაზუსტდა, რომ სინამდვილეში, განმარტება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

გვარამიას, მელიას და ოქრუაშვილის საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი