ნეტგაზეთი | უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს – Netgazeti
RU | GE  

უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები, გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშილი აცხადებენ, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში მათი საქმეების განხილვაც ჩაინიშნა სასამართლოში.

თავდაპირველად ნიკა გვარამიამ გამოაცხადა, რომ სასამართლომ შეატყობინა, რომ 7 დეკემბერს სასამართლოში მისი საქმის განხილვაზე იბარებდნენ, რაც რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისად შეაფასა.

მოგვიანებით, „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მასაც შეატყობინეს, რომ მისი სასამართლო პროცესიც განახლდება — 15 დეკემბერს.

გიგი უგულავა კი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის განხილვა 10 დეკემბერსაა ჩანიშნული.

სულ ცოტა ხნის წინ თავდცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც დაწერა ფეისბუკზე, რომ ადვოკატებმა შეატყობინეს, რომ მისი საქმეც განახლდა 14 დეკემბრიდან.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს პროცესი „სინქრონულად მოხდა“ და „ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ განაახლონ შეთითხნილი საქმეები“.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ მის შესაძლო დაკავებას „სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს“, თუმცა აცხადებს:

„მირჩევნია, ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი“.

გიგი უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ვინც უნდა დაგვიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი“ და მათი საკითხი „რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება“.

ნახეთ ვრცლად:

სასამართლოდან მაცნობეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო – გვარამია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com