ახალი ამბები

ქრთამი შეწყალების სანაცვლოდ – თეთრ სახლში გამოძიება მიმდინარეობს

2 დეკემბერი, 2020 • 1237
ქრთამი შეწყალების სანაცვლოდ – თეთრ სახლში გამოძიება მიმდინარეობს

სასამართლოს მიერ პირველ დეკემბერს გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო შეწყალების ან მსჯავრის შემცირების მიზნით, შესაძლო ქრთამის გადაცემისა და აღების ფაქტზე. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიერ გავრცელებული დოკუმენტი არ შეიცავს უშუალოდ დონალ ტრამპის ან სხვა რომელიმე საჯარო მოხელის სახელს, თუმცა უპასუხოდ ტოვებს არაერთ შეკითხვას, რადგან შეიცავს 20-მდე გვერდს, რომელიც კვლავ დაფარულია საფრთო საზოგადოებისთვის. The Guardian-ის ცნობით, დოკუმენტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპი განიხილავს შეწყალებების საკითხებს მანამ, სანამ თანამდებობას დატოვებს.

გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მანამდე ჩატარებული გამოძიების მიხედვით, პირს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გააჩნდა სურვილი, რომ “შეეტანა მნიშვნელოვანი პოლიტიკური წვლილი-კონტრიბუცია საპრეზიდენტო შეწყალების ან სასჯელის ვადის შემცირების სანაცვლოდ”. ხოლო ორი სხვა პირი, რომელთა სახელებიც ასევე დაფარულია, ე.წ. გარიგებაში მოქმედებდნენ, როგორც ლობისტები, რომელთაც შეწყალების გადაწყვეტილების მიღებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

სამშაბათ საღამოს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ მთავრობის ოფიციალური პირი გახლდათ გამოძიების სამიზნე. მომხდარზე იმავე საღამოს საკუთარი Twitter-ის ანგარიშით დონალდ ტრამპმა გაავრცელა მოკლე პასუხი, რომ გამოძიება შეწყალების შესახებ გახლდათ ყალბი ახალი ამბავი.


დონალდ ტრამპმა გასულ კვირას შეიწყალა თავისი ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ტომას ფლინი, რომელსაც ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს მოტყუება და შეცდომაში შეყვანა ედებოდა ბრალად. New York Times-ის ცნობით, ტრამპი და მისი პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი განიხილავდნენ პირადად ჯულიანისა და ტრამპის ოჯახის წევრების, მათ შორის, ივანკა, ერიკ და დონალდ ტრამპების, ასევე ჯარედ კუშნერის “წინასწარი შეწყალების” შესაძლებლობას, თუმცა ეს მოგვიანებით უარყო თავად ჯულიანმა.

აშშ-ში წინასწარი შეწყალება შესაძლებელია და ეს წარსულშიც მომხდარა, მაგალითად, ჯერარდ ფორდმა წინასწარ შეიწყალა რიჩარდ ნიქსონი იმ დანაშაულებების გამო, რომელიც მას, შესაძლოა, ჩაედინა ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ პრეზიდენტად ყოფნის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი