ახალი ამბები

სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოების გასვლას ითხოვს

30 ნოემბერი, 2020 •
სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოების გასვლას ითხოვს

მოლდოვის ახლად არჩელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული შეიარაღებული მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი უნდა გავიდეს და მის ნაცვლად ეუთოს ეგიდით შექმნილი სამოქალაქო სამშვიდობო მისია შეიქმნას. სანდუს განცხადებას მალევე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვიც. ინფორმაციას რუსული Ria Novosti ავრცელებს.

“დნესტრისპირეთში იმყოფება მოქმედი რუსული ოპერატიული ჯგუფი, თუმცა არასდროს ყოფილა შეთანხმება ამ ჯგუფის არსებობის შესახებ. ამგვარად, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ეს ძალები უნდა გავიდნენ რეგიონიდან. ასევე რეგიონიდან იარაღიც უნდა გავიდეს”, – აცხადებს სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტის განცახდებით, დნესტრისპირეთში არ არსებობს სამხედრო დაპირისპირების საფრთხე და უმჯობესია მშვიდობისმყოფელთა სამხედრო მისია შეიცვალოს სამოქალაქო ჯგუფით, რომელიც ეუთოს ფორმატით ჩამოყალიბდება.

განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვიც. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოლდოვის ახალ მთავრობასა და რუსეთს შორის გაგრძელდება კონსტრუქციული დიალოგი, ისეთი, როგორიც წინა მმართველის – დოდონის შემთვევაში იყო.

“რუსეთი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს და, რა თქმა უნდა, სტატუს-კვოს ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დესტაბილიზაცია რეგიონში. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყოველივე განხილულ იქნება და არ გადადიდგმება ნებისმიერი ხისტი ნაბიჯი ამ მიმართულებით”, – განაცხადა პესკოვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოლდოვაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, რეგიონში მოქმედებს სამშვიდობო მისია რუსი, დნესტრისპირელი, მოლდოველი და უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჩართულობით. სხვადასხვა ექსპერტთა შეფასებით, სამშვიდობო წარმომადგენლობას რუსეთი იყენებს მოლდოვის შიდა პოლიტიკაში ჩასარევად და ქვეყნის საგარეო კურსის კონტროლისთვის.

მოლდოვის ახლად არჩეულ პრეზიდენტის შესახებ გაიგეთ მეტი:

რატომაა მოლდოვაში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი

მასალების გადაბეჭდვის წესი