ახალი ამბები

ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევისთვის 1244 პირი დააჯარიმეს

30 ნოემბერი, 2020 • 1030
ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევისთვის 1244 პირი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს 1 177 ფიზიკური პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი