ახალი ამბები

რუსთავში ბაზრობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

30 ნოემბერი, 2020 • 933
რუსთავში ბაზრობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქალაქ რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონში, ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე დასაქმებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომელთა მიხედვითაც, მათ მუშაობის გაგრძელების საშუალება არ ეძლევათ.

“გუშინ მოვიდნენ ვითომ გაფრთხილებისთვის, ტრაქტორს მოვიყვანთო, ვითომ მოსახლეობისთვის ფიქრობენ, მაგრამ არანაირ დახმარებას არ გვიწევენ. თუ უნდოდათ [შეზღუდვები], არჩევნების წინ სად იყვნენ, ხალხი მაშინ არ იხოცებოდა? თუ ხალხზე ფიქრობდნენ, მაშინ უნდა დაეკეტათ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვერ იღებენ ე.წ. უმუშევრობის ანაზღაურებასაც, რადგან შემოსავლები ოფიციალურად არ უფიქსირდებათ. “ჩვენ ვართ გარემოვაჭრეები, არსად არ ვართ დაფიქსირებული, არანაირი დახმარება. დღეს უნდა ვივაჭრო, ბავშვი შევინახო, წინა ჯერზე ორი თვე ვრეკავდი, მაგრამ ყურმილს არ იღებდნენ. გვემუქრებიან, რომ ტრაქტორებით აგვყრიან”, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

საპროტესტო აქციაზე მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც, თუმცა, შეკრებილებთან დაპირისპირების შემდეგ, მალევე დატოვა ტერიტორია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, არ იცოდა თუ როგორ უნდა გამოეკვება შვილი და ტაბაღუას უთხრა, რომ იგი წაეყვანათ და მთავრობას გამოეკვება, საპასუხოდ, მერმა განაცხადა, რომ ბავშვს წაიყვანდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

“გახარიამ გამოაცხადა, რომ დახმარება ეკუთნის მხოლოდ იმ ოჯახებს, სადაც არის სამი შვილი და ზევით, მე მყავს ორი შვილი. რუსთავის მერს ვკითხე, ვისაც ჰყავს ორი შვილი, იმას ჭამა არ უნდათ? თუმცა პასუხი ვერ მივიღე” ,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილისა და ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, პროტესტის გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ, მანამ, სანამ  ბაზრობაზე დასაქმებულებს სახელმწიფო არ მისცემს ერთგვარ სოციალურ გარანტიებს.

“ჩვენ დაუმორჩილებლობა გამოვაცხადეთ და კვლავ გავშალეთ დახლები, მანამ, სანამ ხელისუფლება არ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. სანამ არ მოგვცემენ გარანტიას, რომ დასაქმებულების შვილებს შიმშილი არ ემუქრებათ, პროტესტი გაგრძელდება”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნონა მოდებაძე-გელაშვილი.

კადრი გარეკანზე – 4tv.ge


მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი, მათ შორის განისაზღვრა, რომ:

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

დაწესებული შეზღუდვები იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი