ახალი ამბები

“უნდა დავინახოთ, რომ ახერხებენ გარე რიგების მართვასაც” – თურნავა მოლებზე

30 ნოემბერი, 2020 • 814
“უნდა დავინახოთ, რომ ახერხებენ გარე რიგების მართვასაც” – თურნავა მოლებზე

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ორმხრივი დიალოგის დროს მოლებმა მთავრობას ისიც უნდა აჩვენონ, რომ გარე რიგების მართვა შეუძლიათ.

თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს მოლების წინაშე არსებულ პრობლემებს და მათ წინასაახალწლო პერიოდში (24 დეკემბერი – 2 იანვარი) ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

„ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარული ფასდაკლების აქციამ… ეს აქტუალური იქნება თუნდაც, 24 დეკემბრის შემდეგაც. და უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესების მართვა“, – ამბობს თურნავა.

მისივე თქმით, ე.წ. შავი პარასკევის დღეს რიგებმა მთავრობას აჩვენა, თუ რატომ მიიჩნევა მოლები მაღალი მობილობის ადგილებად.

„ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი: ერთი, რომ მთავრობა ითვალისწინებს ბიზნესის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად ახერხებენ ამ პროცესის მართვას და ახერხებენ არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ, გარეთ რიგების მართვასაც. თუნდაც ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ“, – აცხადებს მინისტრი.

შეზღუდვების სიის გამოქვეყნების შემდეგ, სავაჭრო ცენტრები (მოლები) ითხოვენ, რომ მათ ვაჭრობის საშუალება მიეცეთ. მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლების მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუვები მოლების ბიზნესსა და იქ დასამქებულ ადამიანებს მნიშვნელოვნად აზარალებს.

ვრცლად:

სავაჭრო ცენტრები მუშაობის უფლებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი