ახალი ამბები

ღვეზელები საჭიროებების მქონე ხანდაზმულებს — აქცია, რომელშიც ჩართვა შეგიძლიათ

30 ნოემბერი, 2020 • 872
ღვეზელები საჭიროებების მქონე ხანდაზმულებს — აქცია, რომელშიც ჩართვა შეგიძლიათ

ფეისბუკზე დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც უსახლკარო თუ სხვა საჭიროებების მქონე ხანდაზმული ადამიანებისთვის თანხა გროვდება. შეგროვილი ფულით ინიციატორები აცხობენ და არიგებენ ღვეზელებს, ასევე, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს.

კამპანია იურისტმა ნინო ბოლქვაძემ წამოიწყო მას შემდეგ, რაც თბილისში, ბელიაშვილის სკვერში, უსახლკარო ქალი დაიღუპა. როგორც ამბობს, ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაანახა საკითხის სიმძიმე და ქუჩაში მცხოვრები/მოწყალების სათხოვნელად გამოსული ხანდაზმული ადამიანების საჭიროებები.

“განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები რომ დავაიდენტიფიციროთ, უნდა გვქონდეს წვდომა მათზე, ანუ, ინფორმაცია მათ შესახებ: ვინ არიან, სად არის, რა საჭიროებები აქვთ, რატომ ვერ მიდიან ამ თავშესაფარში. ვიფიქრე, ეს გზა გამომეძებნა:

პირველი საჭიროება, რაც აქვს ადამიანს, მშიერი არ უნდა იყოს. ამასთან, საბაზისო საჭიროებების გამო აგროვებს ფულს, როცა გარეთაა.

ორი საკითხის გაერთიანებას ვცდილობთ: ერთი, ეს არის ხელმისაწვდომობა საკვებზე და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე… მეორე, კავშირზე გასვლა მათთან”, – ამბობსნ ნინო ბოლქვაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კამპანიის მონაწილეებმა თავდაპირველად გასულ კვირას შეაგროვეს ფული და 15 ადამიანს დაეხმარნენ. მეორე ეტაპი კი დღეიდან, 30 ნოემბრიდან დაიწყო. ნებისმიერ მსურველს პარასკევამდე შეუძლია, გადარიცხოს 2-5 ლარის ოდენობის თანხა ანგარიშზე. პარასკევს ღვეზელებს გამოაცხობენ, კვირას კი – დაარიგებენ.

“5-10 ლარამდე გადმორიცხვის შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ აპურებთ ამ ხალხს, არამედ სხვა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარებით (მედიკამენტების შეძენა, ჰიგიენური საშუალებები და სხვა)”, – წერენ ინიციატორები.

“შეიძლება, ცომეული არ მოგვეჩვენოს მაინცდამაინც სასარგებლოდ, მაგრამ ინგრედიენტებს, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, ეს ადამიანები, შეიძლება, თვეობით ვერ იღებდნენ; ეს იქნება ნატურალური კარაქი, ხორცის პროდუქტი, კვერცხი თუ სხვა”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი დახმარება საჭიროებების მქონე ხანდაზმული ადამიანებისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. გარდა საკვებისა თუ პირველადი მოხმარების საგნების მიწოდებისა, ისინი გრძნობენ, რომ სიცივისა და პანდემიის ფონზე მარტო არ არიან:

“15 ადამიანს შევხვდი გუშინ და ძალიან ბევრი მადლიერი თვალი ვნახეთ. იყო სასიამოვნო გაკვირვება და პოზიტიური ემოციები, რაც კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია… მნიშვნელოვანია, ადამიანმა იგრძნობ, რომ მარტო არ არის და მისი გასაჭირი ვიღაცას აღელვებს იმდენად, რომ შეწუხდა, რაღაც გააკეთა”.

ის სხვა ადამიანებსაც სთავაზობს, ჩაერთონ კამპანიაში, გამოაცხოს ღვეზელები და დაურიგოს საჭიროებების მქონე ადამიანებს. მათი ჩართულობის შესახებ ინფორმაციას ინიციატორები კამპანიის ფეისბუქ-გვერდზე განათავსებენ.

მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ:

GE65TB7494145061100034  მიმღები: ნინო ბოლქვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი