ახალი ამბები

საპარლამენტო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ, პარტიულზე-არა – ხაზარაძე

27 ნოემბერი, 2020 • 931
საპარლამენტო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ, პარტიულზე-არა – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ლელო” საპარლამენტო დაფინანსებაზე უარს ამბობს, პარტიულზე-არა. როგორც “ლელოს” დამფუძნებელმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა, მან და ბადრი ჯაფარიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრების გადაწყვეტილებაა. მამუკა ხაზარაძე ასევე განმარტავს, რომ დაფინანსების აღება არ ნიშნავს, რომ “ლელო” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს აღიარებს.

“პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, თუმცა უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რამეა. მინდა მოსახლეობას ავუხსნა… რომ წარმოვიდგინოთ ყველა პარტიამ უარი  თქვას ან საკუთარი ნებით, ან სხვა რაღაცის გამო [დაფინანსებაზე], ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ შავი ფულის ტრიალს პოლიტიკაში. რადგან ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს არის, უამრავ ხვრელს აჩენს და გაჩენილია ეს ხვრელი, პოლიტიკაში ბრუნავს შავი ფული. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული პროცესი განვითარდეს და რეგიონებში პარტული ცხოვრება არ ჩაკვდეს, რომელიც ისედაც მყიფეა. რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით 31 ოქტომბრის შემდეგ, კარგად დავინახეთ. ეს არის მოუმწიფებელი დემოკრატია, გაუმართავი პარტიული სტრუქტურები, არაკვალიფიციური ადამიანები საარჩევნო უბნებზე და ა.შ. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პარტიამ”,-აცხადებს ხაზარაძე.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ცესკოს მიმართა, ოთხ პარტიას კი დაფინანსების მიღებაზე თანხმობა არ განუცხადებია.

ცესკოს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად,  2021 წლისათვის, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის წინასწარი შედეგების საფუძველზე, დაფინანსება სულ 14 პარტიას ეკუთვნის, მათ შორისაა “ქართული ოცნებაც”, რომელმაც დაფინანსების მისაღებად შესაბამისი თანხმობა ცესკოში წარადგინა.

დაფინანსების მიღებაზე თანხმობა განაცხადა იმ ბარიერგადალახულმა პარტიების ნაწილმა, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.  ესენი არიან:

  •  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალი პარტიები —”ნაციონალური მოძრაობა”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “პროგრესი და თავისუფლება”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “ევროპელი დემოკრატები”;
  • “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის” ბლოკში შემავალი პარტიები — “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” და “კანონი და სამართალი”;
  • “ევროპული საქართველო”;
  • “პატრიოტთა ალიანსი”.

დაფინანსების მისაღებად ცესკოში თანხმობის წარდგენის ვადა პარტიებს  25 ნოემბრამდე ჰქონდათ. თუმცა, კანონის თანახმად, პარტიებს, რომლებსაც თანახმობა არ წარუდგენიათ, გაფრთხილება ეგზავნებათ, რის შემდეგაც მათ კიდევ სამი დღე ექნებათ, რათა ცესკოში დაფინანსების მიღების თაობაზე თანხმობა წარადგინონ.

პარტიების დაფინანსება- უთანხმოება ოპოზიციაში და “ოცნების” მუქარა

მასალების გადაბეჭდვის წესი