ახალი ამბები

პარტიების დაფინანსება- უთანხმოება ოპოზიციაში და “ოცნების” მუქარა

26 ნოემბერი, 2020 • 2307
პარტიების დაფინანსება- უთანხმოება ოპოზიციაში და “ოცნების” მუქარა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ცესკოს მიმართა, ოთხ პარტიას კი დაფინანსების მიღებაზე თანხმობა არ განუცხადებია.

ცესკოს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად,  2021 წლისათვის, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის წინასწარი შედეგების საფუძველზე, დაფინანსება სულ 14 პარტიას ეკუთვნის, მათ შორისაა “ქართული ოცნებაც”, რომელმაც დაფინანსების მისაღებად შესაბამისი თანხმობა ცესკოში წარადგინა.

დაფინანსების მიღებაზე თანხმობა განაცხადა იმ ბარიერგადალახულმა პარტიების ნაწილმა, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.  ესენი არიან:

  •  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალი პარტიები —”ნაციონალური მოძრაობა”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “პროგრესი და თავისუფლება”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “ევროპელი დემოკრატები”;
  • “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის” ბლოკში შემავალი პარტიები — “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” და “კანონი და სამართალი”;
  • “ევროპული საქართველო”;
  • “პატრიოტთა ალიანსი”.

ამ დროისთვის დაფინანსების მიღებაზე თანხმობა არ განუცხადებიათ შემდეგ პარტიებს:

  • “ლელოს”
  • “გირჩს”
  • ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეებს”
  • “ლეიბორისტულ პარტიას”.

დაფინანსების მისაღებად ცესკოში თანხმობის წარდგენის ვადა პარტიებს  25 ნოემბრამდე ჰქონდათ. თუმცა, კანონის თანახმად, პარტიებს, რომლებსაც თანახმობა არ წარუდგენიათ, გაფრთხილება ეგზავნებათ, რის შემდეგაც მათ კიდევ სამი დღე ექნებათ, რათა ცესკოში დაფინანსების მიღების თაობაზე თანხმობა წარადგინონ.

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არც პარლამენტში შესვლას აპირებენ, ზოგიერთი მათგანის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობამ ოპოზიციის წარმომადგენლებში აზრთა  სხვადასხვაობა გამოიწვია.

იმ ოპოზიციური პარტიების აზრით, რომლებმაც დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადეს, 2020 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, დაფინანსებაზე თანხმობა არის არჩევნების შედეგების ირიბი აღიარება.

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განმარტებით, არჩევნების შედეგების აღიარება  პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებზე დაფინანსების მიღება იქნებოდა, რასაც, მისი თქმით, “ევროპული საქართველო” სხვა პარტიებთან ერთად არ აკეთებს და არც გააკეთებს.

“ევროპული საქართველო” არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად”, — აცხადებს კანდელაკი.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ეს არის სახელმწიფო დაფინანსება და არა ბიძინა ივანიშვილის ფული.  მისი თქმით,  პარტიებისთვის დაფინანსების ერთადერთი წყარო, განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში, სწორედ ეს  დაფინანსებაა:

“მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თემა, პარტიები ვალდებული არიან, ყოველ წელს, 25 ნოემბრამდე განახორციელონ მიმართვა შესაბამის უწყებებში. ისინი ერთგვარ მოთხოვნას ახორციელებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ყველა ბიზნესმენს ეკრძალება ოპოზიციასთან და განსაკუთრებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობა”, — განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხმები ოპოზიციური პარტიებისთვის არავის უჩუქებია. მისი თქმით, გაყალბების შედეგად ოპოზიციურ პარტიებს ხმები დააკლდათ, ამიტომ მოთხოვნილი დაფინანსება არც  ზედმეტი არ არის, რადგან ეს ხმები პარტიებმა რეალურად მიიღეს.

“უნდა განვასხვავოთ საბიუჯეტო დაფინანსება და პარლამენტის ბოიკოტირება. როდესაც მე პარლამენტს ვუცხადებ ბოიკოტს და უარს ვამბობ მანდატზე, უარს ვამბობ სადეპუტატო ხელფასზე[…]  ჩვენ ადამიანებმა მოგვცეს ხმა იმისთვის, რომ პოლიტიკაში ვიყოთ და ეს თანხები, რაც მათი ხმების შესაბამისად უნდა გადაეცეთ პარტიებს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა იფუნქციონირონ”, – განუცხადა სამნიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დაფინანსების მიღებაზე თანხმობის განცხადება დიდი ხნის ბჭობის, ყოყმანის  და პოლემიკის შემდეგ გადაწყვიტეს. მისი თქმით, ისინი უარს ამბობენ დეპუტატის მანდატზე და ხელფასებზე, ხოლო პარტიების დაფინანსებაზე არა.

“პარტიის პრაქტიკული ლიკვიდაცია ხდება არდაფინანსებით. რითი შეიძლება ან ახალი არჩევნებისთვის მოემზადო მომავალში, ჩვენ რა შემოწირულობებიც გვქონდა, ყველაფერი გახარჯულია ამ არჩევნების დროს, რომელიც ივანიშვილმა გააყალბა. მეგობრები მეუბნებიან და მართლაც- ივანიშვილსაც ხომ ეს უნდა, რომ ლიკვიდაცია მოხდეს ყველა პარტიის განადგურება! ხომ ასეა? ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე პრაქტიკულად ლიკვიდირებას ვახდენთ ჩვენ თვითონვე საკუთარი პარტიების, ამიტომ წარმოიშვა ეს აზრი – კუთვნილი დაფინანსების აღებისა და, რა თქმა უნდა პარლამენტში არშესვლა”, — განმარტავს ჩარკვიანი.

“გირჩისთვის” პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. როგორც “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა. მისი თქმით, იმ პარტიებმა, რომლებმაც დაფინანსების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ “გაისროლეს”.

“გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა ცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და “ოცნების” ეულად დატოვებას. მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას. პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა. მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს”, — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

დაფინანსების მიღებაზე თანხმობა საპარლამენტო არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის შეძენაა “პარტია” მოქალაქეებისთვისაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, თუ პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, მაშინ დაფინანსების მიღების უფლებაც არ აქვს.

“არიან პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ თუ არ შედიხარ პარლამენტში და აცხადებ ბოიკოტს, მაინც უნდა მიიღო დაფინანსება. ჩვენ ასე არ ვთვლით, იმიტომ, რომ ეს დაფინანსება იგივე ხალხის ფულია და შენ თუ არ აპირებ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, მაშინ ამ ფულის აღების უფლება არ გაქვს. თუ ამბობ, რომ ეს არის უკანონო და გაყალბებული და არ არის ლეგიტიმური არჩევნები, მაშინ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანია. თუ უკანონოა, მაშინ უკანონო აქტიდან გამომდინარე როგორ უნდა მიიღო თანხა. თუ იღებ ამ ფულს, ეს რაღაც ფორმით არის ლეგიტიმაციის შეძენა ამ არჩევნებისთვის”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” იოსელიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების მიღებაზე ამ დროისთვის “ლელოს” თანხმობა არ უთქვამს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საკითხზე პოლიტსაბჭოში იმსჯელებენ.

“რაზედაც მიდის საუბარი, ეს არის ამომრჩევლების რაოდენობით განსაზღვრული თანხა, რომელიც მიეცემა პარტიებს მათი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს არ არის საპარლამენტო დაფინანსება. ჩვენ ცალსახად ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე უარს, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ დღეებში მიდის პოლიტსაბჭოში მსჯელობა და უახლოეს  დღეებში გვექნება პოზიცია”, — აცხადებს ხაზარაძე.

მოახდენს თუ არა გავლენას ოპოზიციის ერთიანობაზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე აზრთა სხვადასხვაობა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განსხვავებული პოზიციები ოპოზიციის ერთიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია პარტიების მუშაობისთვის, რომელიც  ზუსტად ქვეყანაში არსებული მოცემულობის შესაცვლელად უნდა გამოიყენონ.

“სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის “ქართული ოცნების” საკუთრება. ეს არის მოქალაქეების გადასახადებიდან გადახდილი თანხის აკუმულაცია, რომელიც უნდა დაიხარჯოს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსაცილებლად. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ჩვენ შევიტანოთ [დაფინანსების მიღებაზე თანხმობა]. თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ ფინანსური რეპრესიები მოუწყოს პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ ეს კანონი, ესეც კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება მათთვის[…].  ჩვენი ოპოზიციის საერთო სტრატეგია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შეცვლა არჩევნების გზით და ახალი არჩევნები. ჩვენ გვაქვს ეს შედეგი მისაღწევი. ამიტომ არ მგონია, ამან იქონიოს რამე განსაკუთრებული გავლენა”, — ამბობს ხატია დეკანოიძე.

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა საერთო ოპოზიციურ ფორმატში საბიუჯეტო დაფინანსების მიღების საკითხი, დეკანოიძე გვპასუხობს:

“რომ გითხრათ, რომ რაღაც მსჯელობა იყო [საერთო ოპოზიციურ ფორმატში] — არა. ჩვენ კანონს მივყევით. მესმის, ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს”.

ამავე კითხვაზე “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი გვპასუხობს, რომ ოპოზიციის შიგნით მსჯელობა და კონსენსუსი არჩევნების შედეგების არაღაირებაზეა.

“მსჯელობა იყო იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე და არ შევდივართ არალეგიტიმურად ქცეულ პარლამენტში. ეს არის კონსენსუსის საგანი. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ პარლამენტს და არა პოლიტიკურ პროცესს. პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის პარტიების ფუნქციონირება და პარტიები მხოლოდ პარლამენტის შიგნით როდის ფუნქიციონირებენ, ფუნქციონირებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და პარტიული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში”,— აცხადებს კანდელაკი.

რაც შეეხება იმას, იმოქმედებს თუ არა ეს სამომავლოდ ოპოზიციის ერთიანობაზე, კანდელაკი ამბობს, რომ ასეთ “საშიშროებას” ვერ ხედავს.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი საერთო ოპოზიციურ ფორმატში ბევრჯერ წამოწიეს, თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ის ფაქტი, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, ნაწილი კი არა, საერთო ოპოზიციურ ბრძოლას ასუსტებს.

თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად დაფინანსების საკითხზე განსხვავებული პოზიციისა,”გირჩი” ოპოზიციური შეთანხმებისა და არჩევნების შედეგების გამო ბრძოლის “ავანგარდში” რჩება.

“ჩვენ ბევრჯერ წამოვწიეთ ეს საკითხი, ჯერ შიგნით ვცადეთ, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი და საერთო ოპოზიციურ საქმეს აზიანებდა ბოიკოტთან დაკავშირებით. ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ შედგა კონსენსუსი.

ზოგადად, მნიშვნელოვანი საკითხია ეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეხება უშუალოდ იმ საქმეს, რომელზედაც ვსაუბრობთ, ანუ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ბოიკოტის რეჟიმს. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ამას “ქართული ოცნება” გამოიყენებდა. დაფინანსების მიღება არის ირიბი აღიარება არჩევნების შედეგების და ა.შ. აქედან გამომდინარე ჩვენ ამას არ მივესალმებოდით, თუმცა იქვე ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს არ იქნებოდა საფუძველი, რომ საბაბი ვიპოვოთ, რომ პარლამენტში შევიდეთ”, — ამბობს იაგო ხვიჩია.

შეუძლია თუ არა ხელისუფლებას პარტიებისთვის დაფინანსების შეწყეტა

ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ არ ცნეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. საპასუხოდ “ქართული ოცნების” ლიდერები არ გამორიცხავდნენ, რომ მათთვის დაფინანსების შეწყვეტაზე მსჯელობა დაწყებულიყო.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდოდა.

“თუ პარტია უდიერად ექცევა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს  ბუნებრივიცაა, ძალიან ლოგიკური იქნება”, — აცხადებდა კობახიძე.

მსგავსი შინაარსის განცხადება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც. როგორც თალაკვაძე ამბობდა, ვინაიდან პარტიები ხალხის ფულით ფინანსდება, იმ პარტიების დაფინანსების საკითხზე, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, საზოგადოების დაკვეთის მიხედვით იმსჯელებენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობა  განაცხადა,”ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნების შედეგების ირიბ აღიარებაად გამოაცხადა. როგორც 26 ნოემბერს გია ვოლსკი ამბობს, დაფინანსების მიღება სწორედ  არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს. მისი თქმით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების დაფინანსება “სამსჯელოა”.

“ამ თემაზე სამსჯელოა, კანონმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხარ-თეძოზე წამოწვეს ან ქუჩის აქციებს მიმართოს, სახელმწიფომ, ხალხმა გამოუყო დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ და პარლამენტში არ იმუშაოს. ეს თემა სამსჯელოა. შიგნით რას მსჯელობენ და რას კამათობენ, ჩემთვის ცნობილი არ არის და მაინცდამაინც არც მაინტერესებს”, — აცხადებს გია ვოლსკი.

დაფინანსება პარტიების განვითარებასა და მრავალპარტიულობის ხელშეწყობას უკავშირდება- ISFED

როგორც სამართლიანი არჩევნების [ ISFED] იურისტი ნინო რიჟამაძე ამბობს, ბოიკოტის გამო პარტიებისთვის მოთხოვნილი დაფინანსების შეჩერებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მისი თქმით, კანონმდებლობით დაფინანსების მისაღებად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა წინაპირობა არაა.

როგორც ის ამბობს, კანონის ჩანაწერის მიხედვით, პარტიების დაფინანსება არა მათ საპარლამენტო საქმიანობას, არამედ პარტიების განვითარებასა და მრავალპარტიულობის ხელშეწყობას უკავშირებდა.

“თუ იქნება საკანონმდებლო ცვლილება, როგორც ეს გაჟღერდა, თეორიულად შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. მაგრამ არსებული კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ უკავშირდება მათ საპარლამენტო აქტივობას,  არამედ საუბარია იმაზე, რომ ეს თანხა გამოიყოფა მათი ფინანსური მხარდაჭერისათვის და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

ვერ გეტყვით, სამართლებრივად რა ფორმით გადაწყვეტენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც ზოგადად პარტიების დაფინანსების პრინციპთან  არ არის თანხვედრაში”, — ამბობს ნინო რიჟამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.