ახალი ამბები

ფხაკაძის აზრით, შეზღუდვები ბიზნესზე მძიმედ აისახება, მაგრამ საჭიროა

27 ნოემბერი, 2020 • 2611
ფხაკაძის აზრით, შეზღუდვები ბიზნესზე მძიმედ აისახება, მაგრამ საჭიროა

“საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება, თუმცა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უმთავრესია.

“ბიზნესი ათვითცნობიერებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია და ყოველთვის ასე იქნება. ძალიან ახლოს მოვიდა კოვიდი თითოულ ჩვენგანთან. მაგალითად, დღეს დილის 7 საათზე ერთი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, კარგი მეოჯახე, კარგი მამა, კარგი ბიზნესმენი საკმაოდ გართულებული  მდგომარეობის გამო გადავაფრინეთ უცხოეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად იქნება. ანუ, საკმაოდ რთულია ეპიდსიტუაციაა. ძალიან რთულია ასეთ დროს თქვა, რომ მოდი, გავავლოთ ხაზი ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის. ძალიან დავზარალდებით ხვალიდან, მაგრამ როცა სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე, ჩემთვის ძალიან რთულია, რამე ვთქვა, თუ არა ის, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო ეპიდსიტუაციაზე დაყრდნობით”, – განაცხადა ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

კურორტების დახურვასთან დაკავშირებით ფხაკაძემ თქვა, რომ “ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე”.

“ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბიზნესისთვის დამატებითი შეზღუდვები არის ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული  ვარ, ამ ქარტეხილიდან ჩვენი ქვეყანა გამოვა  და ეკონომიკა აღდგება, მაგრამ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, რომელსაც ახლა დავკარგავთ, ვერ აღვადგენთ”, – აღნიშნა ფხაკაძემ.

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესი არ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი შეზღუდვების თაობაზე და თქვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრაზე კონკრეტულად იყო საუბარი, რა სახის შეზღუდვების შემოღება იგეგმებოდა.

სოსო ფხაკაძის თქმით, ის შეღავათები, რაც სახელმწიფომ ბიზნესისთვის გააკეთა, ძალიან ღირებულია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის და ბიზნესის დახმარება კიდევ არ იქნება საჭირო.

“არ უნდა გვეგონოს, რომ მომდევნო თვეებში ბიზნესს დახმარება არ დასჭირდება”, –  განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესი მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი