ახალი ამბები

სავაჭრო ცენტრები შეზღუდვების მოხსნას 24-ის ნაცვლად 15 დეკემბრიდან ითხოვენ

27 ნოემბერი, 2020 • 1143
სავაჭრო ცენტრები შეზღუდვების მოხსნას 24-ის ნაცვლად 15 დეკემბრიდან ითხოვენ

თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების — სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა — წარმომადგენლობა დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს სთხოვს, 15 დეკემბრიდან მუშაობის ნება დართონ და ქონების გადასახადი გაუუქმონ.

როგორც სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებდნენ, აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებში დაცული იყო ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესები და დახურვის არავითარი წინაპირობა არ არსებობდა. ამასთან, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების თქმით, მთავრობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდათ და საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე — სამუშაო საათების შემცირებაზე და სამუშაო გრაფიკიდან რამდენიმე დღის ამოგდებაზე — თუმცა 24 საათში ყველაფერი შეიცვალა და სავაჭრო ობიექტები სრული ლოქდაუნის წინაშე აღმოჩნდნენ.

“იყო საჯარო განცხადებები, კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე. ყოველი დღე, რაც ცენტრები დაკეტილია, ამ ექვსი ცენტრისთვის არის დაახლოებით 10 მილიონის ზარალი. ჩვენ მიერ დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომელიც სამუშაოს გარეშე რჩება. ჩვენ გვესმის ის პრობლემატიკა, რაც არსებობს, თუმცა აუცილებელია, სექტორს ჰქონდეს მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ნაცვლად 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, 15 დეკემბრიდან მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებითი ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასთვის და შეამცირებს წინასაახალწლო შოპინგის წნეხს”, – განაცხადა “თბილისის ცენტრალის” წარმომადგენელმა.

სავაჭრო ცენტრები ამავე პერიოდში, 15 დეკემბრიდან,  ითხოვენ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს, სავაჭრო ცენტრში მივიდნენ.

გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრები ითხოვენ 2020 წლის ქონების გადასადახის გაუქმებას სავაჭრო ცენტრებისთვის და ამ შემთხვევში, მზადყოფნას გამოთქვამენ, დასაქმებულთა მინიმუმ 90%-მა შეინარჩუნოს სამუშაო მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლობა ასევე ითხოვს სახელმწიფოს დახმარებას ბანკებთან მოლაპარაკებაში და ეროვნული ბანკის ჩართვას მათი სესხების რესტრუქტურიზაციისთვის.

“თუ ასევე იქნება საშუალება, ვილაპარაკოთ სუბსიდირებაზე, ესეც ძალიან კარგი იქნება”, – აცხადებს თბილისის სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა 3 იანვრიდან ისევ განახლდება.

 

შესწორება: თავდაპირველად სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ანონსში და, შესაბამისად, “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოლების ჩამონათვალში იყო “გალერეა თბილისი” და “გლდანი მოლიც”, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი განცხადებას არ უერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი