ახალი ამბები

მიუხედავად ავტობუსების გაჩერებისა, “ბასლეინის” გადაკვეთისთვის დაგაჯარიმებენ

27 ნოემბერი, 2020 • 1594
მიუხედავად ავტობუსების გაჩერებისა, “ბასლეინის” გადაკვეთისთვის დაგაჯარიმებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში 28 ნოემბრიდან თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე და 2 იანვრიდან 16 იანვრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს, შეზღუდვა დროებით მოიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის შუალედში, 16- დან 31 იანვრამდე კი მხოლოდ შაბათ-კვირას შეიზღუდება.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები არ იმოძრავებს, მძღოლები, რომლებიც “ბასლეინს” გადაკვეთენ, მაინც დაჯარიმდებიან. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები არ შედის, შესაბამისად, რეგულაცია ძალაში რჩება. აღნიშნულს ადასტურებენ დედაქალაქის მერიაშიც.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი