ახალი ამბები

ავერსის კლინიკამ შეცვალა რეკლამა, რომლითაც CT ყველა ყოფილ კოვიდიპაციენტისთვის იყო რეკომენდირებული

26 ნოემბერი, 2020 • 2692
ავერსის კლინიკამ შეცვალა რეკლამა, რომლითაც CT  ყველა ყოფილ კოვიდიპაციენტისთვის იყო რეკომენდირებული

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, აცხადებს, რომ COVID-19 გადატანილი პაციენტებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შაბლონური რეკომენდაცია არცერთი გაიდლაინით არ არსებობს.

ჟამურაშვილს “ნეტგაზეთი” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც “ავერსის კლინიკამ” გაავრცელა სარეკლამო განცხადება, სადაც კლინიკა აღნიშნავდა, რომ კოვიდ-ინფექციაგადატანილი პაციენტებისთვის აღნიშნული პროცედურა რეკომენდებულია და მოქალაქეებს ამ სერვისს სთავაზობდა. ფილტვების ტომოგრაფიის ღირებულება ავერსის კლინიკაში 250 ლარია. ნეტგაზეთთან კომენტარამდე ეს ფაქტი ჟამურაშვილმა ფეისბუკზევე გააპროტესტა.

ექიმის თქმით, ყველა კვლევა შესაბამისი ინდიკაციით უნდა დაინიშნოს, მით უმეტეს, კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც მაღალი დასხივების კოეფიციენტი აქვს და რიგ შემთხვევაში სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს:

“კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ხველა. ჯერ უნდა მოხდეს პაციენტის ფიზიკური გამოკვლევა (ფილტვის აუსკულტაცია), ჩატარდეს ფილტვის ფუნქციური კვლევები, როგორიცაა ბოდიპლეტიზმოგრაფია და მხოლოდ (!) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარამეტრი დარღვეული იქნება, დაინიშნოს კომპიუტერული ტომოგრაფია”, – ამბობს ჟამურაშვილი “ნეტგაზეთთან”.

ავერსის კლინიკის თავდაპირველი პოსტი

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” ავერსის კლინიკასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, რას ეფუძნებოდა მათი ეს განცხადება, რაზეც კლინიკის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ განცხადებაში შეცდომა იყო, რომელიც გასწორდა და ტექსტი განახლდა. მათი თქმით, მომსახურებას იმ პაციენტებს სთავაზობენ, რომლებსაც აღნიშნული გამოკვლევა დასჭირდებათ.

განახლებულ პოსტში სიტყვა რეკომენდაცია აღარ არის გამოყენებული, თუმცა კვლავ COVID გადატანილ პაციენტებს ეხება და კომპიუტერულ ტომოგრაფიას საჭიროების შემთხვევაში სთავაზობს.

? Covid-19 გადატანილი პაციენტებისთვის ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია უახლესი თაობის 640 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე…

ამავე თემაზე:

რატომ ვასხივებთ უმიზეზოდ მსუბუქ პაციენტებს? – ექიმ ჟამურაშვილის შეკითხვები

მასალების გადაბეჭდვის წესი