ახალი ამბები

კლინიკა “გული” დაიხურა, ინფიცირებულია 60-მდე თანამშრომელი

26 ნოემბერი, 2020 • 3430
კლინიკა “გული” დაიხურა, ინფიცირებულია 60-მდე თანამშრომელი

კორონავირუსის გამო კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა. კლინიკის ინფორმაციით, დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი, დიაგნოსტიკა და მხოლოდ კარდიოქირურგია ფუნქციონირებს. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორი ანზორ მელიაც, როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, Covid-19 25 ნოემბერს, დილით დაუდგინდა. როგორც მელია გვეუბნება, ჯამში, კლინიკის 60-მდე თანამშრომელია ინფიცირებული, მათგან 30 ექიმია.

“200-კაციანი კოლექტივიდან 60-მდე თანამშრომელია ინფიცირებული. ექიმების უმრავლესობა დაავადებულია.. ინფიცირების ორი ტალღა იყო, პირველი ტალღის დროს მხოლოდ ემერჯენსი და ინტენსიური დავტოვეთ, ხოლო 60- საწოლიანი განყოფილება დავხურეთ. ექიმები, რომლებიც პირველ ტალღაში მოხვდნენ, თითქმის გამოჯანმრთელდნენ, თუმცა მეორე ტალღა ინტენსიურში დაიწყო. [ჩვენი პაციენტები] არ გადაგვიყვანია არსად. მათი უმრავლესობა მუდმივად ჩვენთან მკურნალობენ და თითოეულ მათგანს საკუთარი მკურნალი ექიმი ჰყავს, და ვუთხარით, რომ 24 საათი კავშირზე ვართ,”-აცხადებს მელია.

როგორც მელია გვეუბნება, სხვადასხვა გულის დაავადებით- როგორებიცაა მწვავე სტენოკარდია, ინფარქტი, გულის უკმარისობა- შეჰყავდათ პაციენტები. მას შემდეგ, რაც სწრაფი ტესტით ამ ადამიანებს კორონავირუსი უდასტურდებოდათ, საჭირო იყო მეორე ტესტის გაკეთება, რადგან მელიას თქმით, ისე ავადმყოფი სხვა კლინიკაში არ გადაჰყავდათ. “ამაში იკარგებოდა ორი დღე. ის კოვიდინფიცირებული ჩვენთან იწვა და გადაედო ყველას. თანაც ორი-სამი დღე სჭირდებოდა ავადმყოფის გადაყვანას სპეციალიზირებულ კლინიკაში ადგილების არქონის გამო”,-ამბობს ანზორ მელია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3801 ახალი შემთხვევა. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 118 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 98 781 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი