ახალი ამბები

მთავრობაში შეზღუდვების შესახებ სოცქსელებში გავრცელებულ ვერსიას არ ადასტურებენ

26 ნოემბერი, 2020 • 2676
მთავრობაში შეზღუდვების შესახებ სოცქსელებში გავრცელებულ ვერსიას არ ადასტურებენ

დღეს, 26 ნოემბერს, მთავრობა გამოაცხადებს კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, შეზღუდვებთან ერთად გამოცხადდება მომდევნო ორი თვის სამოქმედო გეგმაც.

გუშინ სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა მიიღო სქრინები შეზღუდვების შესახებ, ასევე, მობილობის შემცირების სცენარი, რომლის გატარებასაც მთავრობა აპირებს. საუბარია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სრულ ჩაკეტვაზე, 2 დეკემბრიდან 2 იანვრამდე — შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნაზე, 3 იანვრიდან 15 იანვრამდე კი, ისევ სრულ ლოქდაუნზე, ხოლო 15 იანვრიდან — მხოლოდ შაბათ-კვირას.

მობილობის შემცირების სავარაუდო სცენარის მიხედვით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, რამდენიმედღიანი გამონაკლისის გარდა, არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, საჯარო სექტორი გადადის დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე, არჩევნებში ჩართული პირებისთვის გათვალისწინებულია 7-დღიანი თვითიზოლაცია, გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათის ნაცვლად 21 საათიდან იმოქმედებს და დიდ ქალაქებში არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ამავე გეგმით, ზამთრის კურორტებზე ჩერდება სათხილამურო საბაგიროები, სასტუმროები კი მხოლოდ კარანტინის და კოვიდ სასტუმროებად მუშაობენ.

საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მთავრობა სწორედ იმ შეზღუდვების გატარებას გეგმავს, რაც სქრინებით გავრცელდა.

 

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული მობილობის შემცირების სავარაუდო სცენარი

მასალების გადაბეჭდვის წესი