ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება.
ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.
კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. ის მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.